გიგი უგულავას საქმე

თბილისის მერიას უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინება ჩაბარდა

ტაბულა

თბილისის მერიას გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საქალაქო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის განცხადებით, განჩინების აღსრულება მოსამართლემ პროკურორ მალხაზ კაპანაძეს დაავალა. მერიისთვის გაუგებარია, რომელი კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს განჩინების აღსრულება.

"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იმ მუხლით, რომელსაც თავად მოსამართლე დაეყრდნო, თანამდებობიდან გადაყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს არა ბრალდებული, არამედ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ანუ პირი, რომელმაც ადამიანი მიიღო სამსახურში, დანიშნა, ან აირჩია. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი არჩეულია საყოველთაოდ, პირდაპირი არჩევნების გზით. იგი თანამდებობაზე განმწესებულია ხალხის გადაწყვეტილებით. ჩვენთვის გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის მერის გადაყენება. უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება თუ საერთოდ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას. სავარაუდოდ, ეს გაურკვეველი იყო, მათ შორის, მოსამართლისთვისაც", - აღნიშნა აბესაძემ და დასძინა, რომ პროკურორი მალხაზ კაპანაძე ჯერჯერობით მერიაში არ გამოჩენილა.

მისივე თქმით, მერია გადაწყვეტილების აღსრულების განმარტების მიზნით, პროკურორ მალხაზ კაპანაძეს ოფიციალურად მიმართავს, რათა განემარტოს უწყებას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე უნდა იმოქმედოს მერიამ.

"ჩვენთვის საინტერესო იქნება, ბატონმა პროკურორმა მიგვითითოს კანონებიდან ის პუნქტები და მუხლები, თუ რომლის საფუძველზე და რა ფორმით უნდა მოხდეს ქალაქ თბილისის პირდაპირ არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენება", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე თბილისის მერი ფორმალურად თანამდებობაზე რჩება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბრის ღამეს უფლებამოსილება შეუჩერა. გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა ღამის პირველ საათზე მიიღო. უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, სასამართლომ თბილისის მერს უფლებამოსილება ზეპირი განხილვის გარეშე შეუჩერა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები