ვანო მერაბიშვილის საქმე

პროკურატურა: პროკურორი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არ შეხვედრია

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თემურ დოლიძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოთვალების მუშაობაზე ინფორმაციის ფლობა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეროგატივაა. დოლიძემ არ დაადასტურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება, რომ ოთარ ფარცხალაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და უთხრა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში ვიდეოჩაწერა არ ხდება.

დოლიძის ცნობით, დიპლომატიურ კორპუსთან მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აღნიშნულ საკითხზე არ უსაუბრია და არანაირი შეხვედრა არ ყოფილა. მისი განმარტებით, ვანო მერაბიშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მის გაყვანას უკავშირდება, მთავარ პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია და, შესაბამისად, უწყება არ ფლობს ინფორმაციას სათვალთვალო კამერების შესახებ.

"სათვალთვალო კამერების შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს და, შესაბამისად, აღნიშნულმა უწყებამ უნდა გააკეთოს განმარტება ამ სათვალთვალო კამერების მუშაობის ირგვლივ. ჩვენს კომპეტენციაში აღნიშნული ინფორმაციის ფლობა არ შედის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პროკურატურას არ დაუწყია გამოძიება ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე განმარტება ალბათ სასჯელაღსრულების სამინისტრომ უნდა გააკეთოს", - თქვა დოლიძემ და აღნიშნა, რომ მთავარ პროკურატურას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სათვალთვალო კამერებთან არანაირი წვდომა არ აქვს.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"მთავარმა პროკურორმა, ფარცხალაძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს პირადად განუცხადა, რომ "მატროსოვის ციხეში", სადაც მერაბიშვილია მოთავსებული, სათვალთვალო კამერები საბადრგო სამსახურის მიერ მხოლოდ მიმდინარე რეჟიმში დაკვირვებისთვისაა დამონტაჟებული და არ ხდება ვიდეოგამოსახულების ჩაწერა. ფარცხალაძის თქმით, ვიდეოფირები, რომლებიც რაიმე ნათელს მოჰფენდა ვანო მერაბიშვილის მონათხრობს, საერთოდ არ არსებობს", - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები