უგულავას საქმე

უგულავა: სიმართლეს დავამტკიცებ და უფლებამოსილებას ჩემით მოვიხსნი

თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა, ამ გადაწყვეტილების გასაუქმებლად სამართლებრივი გზით ბრძოლას აპირებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამაში წარმატებას მიაღწია, თანამდებობას საკუთარი სურვილით დატოვებს.

როგორც უგულავამ რუსთავი-2-ს გადაცემა პოსტსკრიპტუმის ეთერში განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება ორ სახიფათო პრეცედენტს ქმნის. პირველი მათგანი არჩევითი თანამდებობის პირის სასამართლოს გზით გადაყენების პრეცედენტია. შესაბამისად, თბილისის მეტის თქმით, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ გამგებლის პოსტი არჩევითი იქნება და არჩეული გამგებელი პროკურორს არ მოეწონება, მისი საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს გზით ადვილი იქნება.

„ყველაზე სახიფათო ასპექტი" კი, უგულავას აზრით, ისაა, რომ „ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება ცდუნება, სასამართლოს მეშვეობით მოაგვაროს პოლიტიკური ოპონენტების პრობლემა".
თბილსის მერი აცხადებს, რომ სარჩელს სააპელაციო და, საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს.

„მივაღწევ, რომ ეს პრეცედენტი ანულირდეს და გაუქმდეს. თუ მე ამას მივაღწევ, მეორე დღესვე მე თვითონ შევიჩერებ უფლებამოსილებას და გავაკეთებ იმას, რასაც მოითხოვს პროკურატურა და მთავრობა. გავაკეთებ იმიტომ, რომ არ ვიბრძვი თაანმდებობისთვის", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, მას მიღებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომელიც, მისი აზრით, დაუსაბუთებელია. რადგან თბილსის მერზე ამ გადაწყვეტილების თანახმად, გავრცელდა ნორმები, რომლებიც ჩვეულებრივი საჯარო მოხელის და არა არჩეული თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენება. ასევე სამართლებრივ და პოლიტიკურ ნონსენსს უწოდებს უგულავა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პროკურატურას დაევალა.

 

კომენტარები