ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა ხელსუფლებას ხუთ მოთხოვნას უყენებს

primetimenews.ge

ნაციონალური მოძრაობა ხელსუფლებას ხუთ მოთხოვნას უყენებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ოპოზიციის პირველი მოთხოვნაა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოზე ზეწოლას გამოიძიებს.
მეორე მოთხოვნაა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რათა გამოძიებული იყოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადება, მისი უკანონოდ გატაცებისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

ნაციონალურიი მოძრაობის მესამე მოთხოვნაა, ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების ერთობლივი სხდომის გამართვა, სადაც ეს საკითხები იქნება განხილული.
მეოთხე მოთხოვნა არის პარლამენტში სახალხო დამცველის მისვლა. უმცირესობის განმარტებით, ომბუდსმენმა ციხეში მოინახულა მერაბიშვილი და მათი საუბრის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტარებს.

აგრეთვე, ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, პარლამენტში უმცირესობის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდეს მთავარი პროკურორი. დავით ბაქრაძის თქმით, მთავარი პროკურორის მიმართ „ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა როგორც მერაბიშვილის, ასევე ბევრ სხვა თემასთან დაკავშირებით".

დავით ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს დაუბრუნდება, რადგან, მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და არსებული რეპრესიების ფონზე, როდესაც სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა ზოგადად თვითმმართველობები და არჩევითი დემოკრატია საქართველოში, ერთადერთი ტრიბუნა, რომლის დაბლოკვის საშუალებაც არ აქვს ხელისუფლებას,საპარლამენტო ტრიბუნაა. ამიტომ ასეთ სიტუაციაში ოპოზიციას „არ აქვს ფუფუნება", მასზე უარი თქვას.

ნაციონალური მოძრაობა შაბათს, თბილისში ფართომასშტაბიან შეკრებას გამართავს. ამის შესახცებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წერვმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა. მის თქმით, ამით პარტია იწყებს სხვა მეთოდების გამოყენებას, გარდა საპარლამენტო საქმიანობისა. გაბაშვილის ინფორმაციით, პირველი შეკრება შაბათს, თბილისში ჩატარდება, რომლის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. "ეს შეკრება და ყველა ამ სახის შეკრება მოემსახურება იმას, რომ გამოვხატოთ პროტესტი, რაც ქვეყანაში ხდება, კერძოდ, გავაპროტესტოთ ოპოზიციის დევნა", - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა. 

 

კომენტარები