უგულავას საქმე

პროკურატურა: უგულავამ მოწმეებზე ზეწოლისგან თავი უნდა შეიკავოს

justice.gov.ge

პროკურატურა გიგი უგულავას მოუწოდებს, ბრალდებულის სტატუსიდან გამომდინარე, თავი შეიკავოს პროცესის მონაწილეებზე ზეწოლისა და შეურაცხყოფისგან - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. 

კაციტაძის განცხადებით უგულავა თუ არ დაემორჩილება პროკურატურის მოთხოვნას, შეიძლება ამან პროკურატურის მხრიდან გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების საკითხის დასმა განაპირობოს.

"პროკურატურა გიორგი უგულავას მოუწოდებს, ბრალდებულის სტატუსიდან გამომდინარე, თავი შეიკავოს პროცესის მონაწილეებზე ზეწოლისა და შეურაცხყოფისგან, ვინაიდან ამან შეიძლება პროკურატურის მხრიდან გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების საკითხის დასმა განაპირობოს. მისი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებები არღვევს მის მიერ ნახსენები პირების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს" - განაცხადა პროკურორმა. 

კოკა კაციტაძის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. თუმცა, სასამართლომ თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებისას პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა, ვინაიდან "აშკარად სახეზეა თბილისის მერის მხრიდან იდენტური სქემით დროის სხვადასხვა მონაკვეთში და განსხვავებული პირადი, ანგარებითი მოტივით დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ამიტომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გიორგი უგულავა საჭიროების შემთხვევაში კვლავ გამოიყენებდა მაღალ თანამდებობას საბიუჯეტო სახსრების საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებლად. მთავარი პროკურატურა უგულავასთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს და მოითხოვს პატიმრობას, ვინაიდან აშკარად სახეზეა გიორგი უგულავას მხრიდან, გამოძიების ხელშეშლის მაღალი ალბათობა, მოწმეებსა და პროცესის სხვა მონაწილეებზე ზეწოლის საშიშროება. აღნიშნული დასტურდება გიგი უგულავას გუშინდელი განცხადებებიდან, რომელიც მან სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთა. მის განცხადებაში იკვეთება ბრალდების მოწმეებზე ზეწოლის მცდელობა, რომლებიც უგულავამ პირადად დაასახელა" - განაცხადა კაციტაძემ. 

 

კომენტარები