პროტესტი უკრაინაში

იანუკოვიჩი: ჩვენს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნები არ უნდა ერეოდნენ

ვიქტორ იანუკოვიჩი

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნები არ ერეოდნენ და არ ფიქრობდნენ, რომ მათ აქ ბატონობა შეუძლიათ მაიდანზე თუ სხვაგან. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ მოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში და გვასწავლიდნენ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ", - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

იანუკოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ 15 მლრდ დოლარის ოდენობის კრედიტი, რომელიც უკრაინამ რუსეთისგან მიიღო, არანაირ დამატებით ვალდებულებებს არ ითვალისწინებს და ყველა პირობა კონტრაქტშია გაწერილი. პრეზიდენტის თქმითვე, უკრაინას შეუძლია იყოს დამკვირვებლის სტატუსით ევრაზიულ და საბაჟო კავშირებში და, ამავდროულად, იყოს ევროკავშირის ასოცირებული წევრი. იანუკოვიჩის განცხადებით, ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო დოკუმენტებს.

უკრაინის მთავრობამ 21 ნოემბრის დადგენილებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა, ხელშეკრულების ხელმოწერა ნოემბრის ბოლოს ვილნიუსის სამიტზე იგეგმებოდა. მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის მომხრეებმა კიევის ცენტრში მრავალრიცხოვანი აქციებით გააპროტესტეს, დემონსტრაციები დღემდე გრძელდება. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაყენებასა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა. ზოგიერთი მათგანი აქციაზეც იმყოფებოდა.

კომენტარები