სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყება პოლიტიკურად მომგებიანია. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გასაჯაროება დამოკიდებულია გამოძიების გადაწყვეტილებაზე.
"თუმცა, პროკურატურა პოლიტიკური შემადგენლით გამოძიებას ვერ დაიწყებს, მას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას, ამასაც აქვს თავისი წესები. თუ მე ვიდეომასალას ამ წესების დაცვის გარეშე გავასაჯაროებ, ჩემს წინააღმდეგ უნდა აღიძრას საქმე. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიების გადაწყვეტილებაზე", - თქვა სუბარმა.
სუბარის თქმით, საქმის მნიშვნელობის მიუხედავად, კანონდარღვევა დაუშვებელია, რადგან კანონი ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რა შემთხვევაში შეიძლება ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება.
"იმ კონკრეტულ შემთხვევებში, რომლებზეც "ნაციონალები" აპელირებენ, ვიდეოჩანაწერი ოჯახის წევრებს ვაჩვენეთ, რადგან საქმე იყო აღძრული, პროკურატურამ დაგვრთო ნება და ეს პროცედურა გავიარეთ", - აღნიშნა სუბარმა.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.
"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - თქვა მერაბიშვილმა. ასევე სუბარმა გუშინ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ.





