ვანო მერაბიშვილის საქმე

სუბარი: ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილი არ ყოფილა

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილი არ ყოფილა. სუბარი მერაბიშვილის ბრალდებას ტყუილს უწოდებს.

"ვანო მერაბიშვილი არ ყოფილა ციხიდან გაყვანილი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. შაბათ-კვირას და, თუ არ ვცდები ორშაბათს, მასთან შესული იყო ადვოკატი და ძალიან დიდხანს საუბრობდნენ. ეს რომ მომხდარიყო, მერაბიშვილი აღნიშნულის შესახებ განცხადებას მაშინვე გააკეთებდა, იმავე დღეს მოითხოვდა გამოძიების დაწყებას და კადრების ამოღებას, მაგრამ როცა ნახა, რომ ვიღაც ადამიანები დაიჭირეს, რომ ახალ ბრალს უყენებდნენ, მაშინ გადაწყვიტა ასეთი ტიპის აპელირების გაკეთება", - თქვა სუბარმა.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, რომლის ამოღებასაც მერაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, სუბარის თქმით, კადრები ამოღებული ვერ იქნება, ვიდრე გამოძიება არ დაიწყება.

"ვერ იქნება კადრები ამოღებული, რადგან არასერიოზულ თემებზე გამოძიება არ იწყება. თუ გამოძიება დაიწყება, ფირს გამოძიება ამოიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან ხელის ხლების უფლება არ აქვს არავის, მათ შორის არც მე. ესაა საიდუმლო მასალები, რომელიც იწერება კანონით დაცული წესით და მასთან პირდაპირი წვდომა სამინისტროს არ აქვს", - თქვა მინისტრმა.

კომენტარები