გიგი უგულავას საქმე

უგულავა: მოდის ადგილობრივი არჩევნები და უჭირს მთავრობას

თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროკურატურის შენობა უკვე დატოვა. დაკითხვის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წაყენება არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილება. მისივე თქმით, საქმე არის აბსურდული და მასშიც იგივე ჩვენებები არსებობს, რაც სხვა საქმეებში.

"განსხვავება ის არის, რომ თბილისის ნაცვლად, რუსთავის სასამართლოში ვივლი. მოდის ადგილობრივი არჩევნები და უჭირს მთავრობას, იმიტომ რომ ივანიშვილმა არაადეკვატური და უსუსური კანდიდატი დაუტოვა. ახლა ფიქრობენ, როგორ შეასაღონ ეს კანდიდატი თბილისს", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ ამისთვის აუცილებელია ყველა სხვა კანდიდატის ჩამოშორება და ბუტაფორული კანდიდატების შექმნა.

"დღევანდელი დღეც მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რუსთავში კი არა, მესტიის სასამართლოში ვივლი, იქაც დავამტკიცებ, რომ უდანაშაულო ვარ. შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება საპნის ბუშტივით გასკდება", - თქვა უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საუბარია 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

კომენტარები