გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს

თბილისის მერს გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საუბარია 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

"თბილისის მერს გიორგი უგულავას წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ აიპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისის მერიამ დააფუძნა "თბილისის განვითარების ფონდი". თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გიორგი უგულავამ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

გამოძიების ვერსიით, 2011 წლის ნოემბერში, გიგი უგულავას დავალებით, თბილისის განვითარების ფონდში ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. პროკურატურის განცხადებით, დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ აქტივისტებს - უბნის უფროსებს და მიკროკოორდინატორებს.

"ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 13 852 497 ლარი. მოგვიანებით, 2012 წლის ივნისიდან - ოქტომბრის ჩათვლით, გიორგი უგულავას დავალებით, პარტიული აქტივისათვის დასარიგებელი სახელფასო თანხა ,,თბილისის განვითარების ფონდის" ანგარიშიდან, საბანკო ჩეკების გამოყენებით, გამოჰქონდათ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 34 328 463 ლარი. თბილისის მერის - გიორგი უგულავასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ, პარტიული ინტერესებისათვის, მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც მოხმარდა არა ქ. თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას" - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ამავე დანაშაულის ჩადენისთვის, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. მისი შეფასებით, "ეს არის შურისძიება, რომელიც დაიწყო ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა".

კომენტარები