ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ე.წ. მატროსოვის ციხესთან მორიგეობა დააწესა. პარტიის წევრების თქმით, მორიგეობის დაწესება აუცილებელია, რომ "ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა და მასზე ზეწოლა არ განმეორდეს".
წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ე.წ. მატროსოვის ციხესთან დეპუტატი სერგო რატიანი და პარტიის აქტივისტები იმყოფებოდნენ.
"უმრავლესობა გვესაუბრება ორგანიზებული დამნაშავეების სახელით და გვემუქრება. ისინი გადავიდნენ ქმედებაზე. ვანო მერაბიშვილის გაყვანა არ ექვემდებარება ნორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დავაწესოთ ზედამხედველობა, რომ არ მოხდეს მეორედ ის ფაქტი, რაც ამ დღეებში მოხდა", - ამბობს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.
"იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ "მოპარულ" ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ორშაბათამდე მისცეს.
"მსგავსი რამ არ მახსენდება, რომ ოპოზიციის ლიდერს უშუალოდ მთავარი პროკურორი თავად აკაჩავებდეს", - თქვა ყოფილმა პრემიერმა და მისი ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.





