პროტესტი უკრაინაში

კლიჩკო: უკრაინამ თავისი ინტერესები არ უნდა დათმოს

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დღეს მოსკოვში გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები უნდა განიხილონ. 

პარტია უდარისა და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იანუკოვიჩი ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც  გაზის დაბალ ტარიფებს მიიღებს, თუმცა სანაცვლოდ რუსულ მხარეს გადასცემს სრულ კონტროლს უკრაინის გაზსადენის სისტემაზე.

”იანუკოვიჩი მოსკოვში მიემგზავრება, ის ხელს მოაწერს შეთანხმებას, რითაც უკრაინა ფულად დახმარებას მიიღებს, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ფულს ასე უბრალოდ არავინ იძლევა. მოხდება გაზის ტარიფის შემცირება უკრაინული გაზსადენის სანაცვლოდ. გაზსადენის ტრანზიტული სისტემა ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიულ კომპონენტს წარმოადგენს და ჩვენ არ გვინდა, რომ უკრაინის ინტერესები ვინმემ დათმოს”, - განაცხადა კლიჩკომ

დღეს პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ევრომაიდანზე მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება. დღესვე შესაძლოა უკრაინის რადამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

”ვიქტორ იანუკოვიჩი არაფერს აკეთებს მთავრობის გადაყენების თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაინც მის გადაწყვეტილებას ველოდებით. ეს საკითხი პარლამენტში კი არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა გადაწყდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მესამე მოთხოვნა მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ძირითად მოთხოვნად რჩება”, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა. 

კომენტარები