ალექსანდრე ნინუას საქმე

ადვოკატი: ნინუას პროკურატურის გარდა, სხვა საგამოძიებო ორგანოებიც იბარებდნენ

reportiori.ge

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას ადვოკატის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, პროკურატურის გარდა, სხვა საგამოძიებო ორგანოებშიც იბარებდნენ დაკითხვაზე. ამასთან, როგორც მდინარაძემ ტაბულას უთხრა, ნინუას დაკავების პროვოცირების გადაწყვეტილება მასზე ზეწოლის გამო არ მიუღია.

"FBI-ის მოთხოვნით დაკითხეს თუ ნებისმიერი სხვა ორგანოსი, ამის შესახებ დეტალურად არც ვფლობ ინფორმაციას და ვერც უარვყოფ. შეიძლება, ასეც იყო. მაგრამ გარდა პროკურატურისა, მას სხვა საგამოძიებო ორგანოებშიც იბარებდნენ. ალექსანდრე ნინუას გადაწყვეტილება მასზე ზეწოლის გამო კი არ მიუღია, მან გადაწყვეტილება მიიღო თავისი თანამშრომლების პერმანენტული დაბარების და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ", - აღნიშნავს მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრის შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას მოწმის სახით დაკითხვა აშშ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მოითხოვა. მათივე თქმით, 2013 წლის 30 ივლისს ნინუა FBI-ის მოთხოვნით დაიკითხა მოწმის სახით, ხოლო 2013 წლის 26 სექტემბერსა და 19 ოქტომბერს თავად პროკურატურამ დაკითხა "კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტს".

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ 14 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა, აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ არ შეცვალა, შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. ადვოკატ მამუკა მდინარაძის თქმით, ბრალდებულმა თავად მოახდინა დაპატიმრების პროვოცირება.

"მისი განცხადებით, ყოველ დილას იწყებდა იმაზე ფიქრით, დღეს შესყიდვების დეპარტამენტის რომელ თანამშრომელს დაკითხავდნენ ან დააპატიმრებდნენ. ერთი წლის განმავლობაში ეს მისთვის დიდი მორალური სტრესი იყო და დაკავების პროვოცირება მოახდინა იმის დასამტკიცებლად, რომ ციხის არ ეშინია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინუამ პატრულს თავი დააჭერინა", - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ ნინუა ბრალს ეთანხმება. მდინარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად მივიდა პატრულთან, განზრახ გადმოაგდო ქამრიდან იარაღი, რომელიც პატრულმა დაინახა და, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დააკავა.

თავად ბრალდებულ ალექსანდრე ნინუას თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯერ მას კითხავდნენ და აიძულებდნენ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, შემდეგ კი, შესყიდვების დეპარტამენტის რიგით თანამშრომლებს იბარებდნენ და თავად ნინუას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მისივე განმარტებით, გასული წლის მანძილზე, მოწმედ ათამდე საქმეზე დაიბარეს.

"შეიძლება, გაჩნდეს კითხვა - რაღა სასამართლო და რაღა მაკაროვი, მედიას დაკავშირებოდი. მე რომ ეს ასე მექნა და ჩვეულებრივად პრესკონფერენცია მომეწვია, ამას პასუხი მოყვებოდა, რომ თავისი მეგობრები კი არ ადარდებს ამ კაცს, ამას ეშინია, რომ ციხეში არ წავიდეს. იმის დასამტკიცებლად, თქვენო ღირსებავ, რომ მე ციხის არ მეშინია, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის ციხე. მე კატეგორიულად ვუკრძალავ ჩემს ყველა ახლობელს გირაოს შეტანას. მე დავრჩები ციხეში მანამ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ყველა ჩემი თანამშრომელი, იმ კონკრეტული ბრალდებისაგან, რომელსაც ასე უსაფუძვლოდ უყენებენ, გათავისუფლებულები არ არიან. აი, ასე აღმოჩნდა ჩემი მაკაროვი პატრულის წინ რუსთაველის პროსპექტზე", - მიმართა ნინუამ მოსამართლეს.

გარდა ამისა, 14 დეკემბერსვე, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ალექსანდრე ნინუას დაპატიმრებამდე გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურის ზეწოლაზე საუბრობს.

"მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა მთავრობა, ბუნებრივია, ჩემი ყოფილი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეკითხვები ექნებოდათ და ამაში ტრაგიკულს ვერ ვხედავდი არც მაშინ და არც დღეს. როდესაც მიბარებდნენ, არც ერთ დაკითხვაზე არ დამიგვიანია. ყველაგან მივდიოდი ამ 1 წლის განმავლობაში. ამას მოჰყვა ის, რომ ჩემი მოადგილეების დაბარება დაიწყეს, დაიწყეს დეპარტამენტში მყოფი სამმართველოების უფროსების დაბარება, გაიშალა თემა ჩავიდა მენეჯერებამდე. ძალიან იმედიანად იყვნენ გამომძიებელები იმასთან დაკავშირებით, რომ ბომბს აღმოაჩენდნენ და ეს ყბადაღებული თემა, რომ თითქოს ჩვენი ვიჯექით და გამოვჭამეთ ჯარის მთელი ბიუჯეტი, ამას ააფეთქებდნენ და რაღაც ფურორს მოახდენდნენ. ეს რა თქმა უნდა, ვერც მოხდებოდა, რამდენჯერმე იყო შემოთავაზება, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან. ეს იმას ემსახურებოდა, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან და ის სიბინძურეები, რაც ჩვენი მისამართით გაჟღერდა, რაღაც დოზით გამართლდებოდა. იტყოდნენ გაიქცა ქვეყნიდანო, ერთი წელია, ფეხი არ მომიცვლია, ორჯერ ვიყავი წასული ქვეყნიდან - ერთხელ ერთი კვირით, ერთხელ 3 დღით და დავბრუნდი. მე კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, მორალურად აუტანლად მიმაჩნია ის, თუ როგორ იჩაგრება ამდენი ხალხი, როგორ წუხს ამდენი ოჯახი ჩემ გამო. მე ვთვლი, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადავდგა და დავეხმარო მათ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან ძნელია, მე გადავწყვიტე ამ ხალხის დახმარება. ეტყობა, შეუძლებელია ვიღაცისთვის იმის ყურება ყოველდღიურად, რომ თვითონ რომ ყვირის, თურმე მე ჯარი გავძარცვე, მე ამ დროს თბილისში ვარ, არ ვიმალები, არ გავრბივარ, არსად არ წავსულვარ. ყოველდღე დავდივარ დაკითხვაზე და მისი ეს ნაყვირები უფრო და უფრო უფასურდება. მე ჩემი მეგობრების წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ წავიდე ციხეში, ოღონდ არა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია, არამედ იმისთვის, რაც ჩამიდენია, თუ ამ ჩანაწერს ვინმე უყურებს, ესე იგი, ციხეში ვარ, რამდენიმე წუთის წინ 2013 წლის 12 დეკემბერი დაიწყო", - ამბობს ნინუა ჩანაწერში.

კომენტარები