სასჯელაღსრულების დაწესებულება

სახალხო დამცველის აპარატი ხვალიდან ციხეებში სისტემურ მონიტორინგს დაიწყებს

ombudsman.ge

სახალხო დამცველის აპარატი ხვალიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემურ მონიტორინგს დაიწყებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მათი მიზანი ციხეებში არსებული მდგომარეობისა და პატიმრების პრობლემების შესწავლაა. მისივე თქმით, მონიტორინგის პროცესში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების გარდა, ჩაერთვებიან პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტები.

"საუბარია იმ 40 ექსპერტზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ჩვენი მიზანია, მივიდეთ ყველა დაწესებულებაში და მოვახდინოთ რეაგირება პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ციხეებში არსებობს. ასევე გავეცნოთ პატიმართა პრობლემებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ მონიტორინგი განხორციელდება საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, სადაც პატიმართა ცემის, გარდაცვალების შემთხვევები თუ სხვა სახის ინციდენტები დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ ქსნის #19 ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრში მსჯავრდებულმა ს.რ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ს.რ.-ს ტუბერკულოზის მწვავე ფორმა აღენიშნებოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, მსჯავრდებულის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა მინისტრ სოზარ სუბარს ეკისრება და ის თანამდებობიდან უნდა მოიხსნას.

გარდა ამისა, ადვოკატმა ირმა ბერიკაშვილმა 10 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში პატიმარ მირზა გიგლემიანს სცემეს. მისი თქმით, მსჯავრდებულს ხელბორკილები დაადეს ციხის უფროსმა, მისმა მოადგილემ, რეჟიმის უფროსმა, სხვა თანხმლებმა პირებმა და სასტიკად გაუსწორდნენ. ბერიკაშვილის მტკიცებით, გიგლემიანს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სცემდნენ.

მეორე დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის პირადი დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო. ასევე, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დირექტორს შოთა ტრაპაიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ მსჯავრდებულ მირზა გიგლემიანის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება გუშინ დაასრულა მასალები შემდგომი გამოძიებისთვის, პროკურატურას გადაუგზავნა. 

კომენტარები