პროტესტი უკრაინაში

აზაროვი: უკრაინას ევროპასთან ინტეგრაცია სურს

wikipedia.org

უკრაინას სურს ევროპასთან ინტეგრაცია, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა მიკოლაი აზაროვმა ტელეკომპანია ინტერთან საუბრისას.

აზაროვის ეს გზავნილი კიევში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარების შეფასებებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი კიევთან სავაჭრო კავშირის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას დროებით წყვეტს. მათი თქმით, ოფიციალური კიევი მზად არ აღმოჩნდა გამოეხატა თავისი მკაფიო მხარდაჭერა ევროკავშირთან ამ ხელშეკრულების დასადებად.

მოლაპარაკებების შეწყვეტა ევროკომისარმა შტეფან ფულემაც დაადასტურა. "ევროკავშირი კიევთან მოლაპარაკებას წყვეტს მანამ, სანამ იანუკოვიჩის მთავრობა ხელმოწერისთვის მზადყოფნას არ დაადასტურებს", - წერს ფულე საკუთარ ტვიტერზე.

ევროპარლამენტის დეპუტატის რებეკა ჰარმსის განცხადებით, ევროპარლამენტი მზადაა, უკრაინასთან შეთანხმება გააფორმოს.

"ევროპარლამენტმა წინა კვირაში დიდი უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად კარი ღიაა. ვინც ამბობს, რომ შეთანხმება გაიყინა, არასწორი ინტერპრეტაციაა. ვილნიუსის სამიტიდან დღემდე ეს სტატუსი უცვლელი რჩება", - განაცხადა ჰარმსმა.  

კიევში ყოფნისას ევროპელი კანონმდებლები მაიდანზე აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ. პარალელურად, მომიტინგეებს ოპოზიციის ლიდერებმაც მიმართეს, რომლებმაც უკრაინის ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

კიევში ცენტრალურ მოედანზე აქციები გრძელდება. გუშინდელმა ღამემ ევრომაიდანზე მშვიდობიანად ჩაიარა. 

 

 

კომენტარები