მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტს მიმართავენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეფასებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა აუცილებელია. როგორც ევა გოცირიძის, ვახტანგ თორდიას, კახაბერ სოფრომაძის და გოჩა მამულაშვილის განცხადებაში წერია, ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რათა მოხდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენცია. მათი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობისას, ნათლად დაინახეს მართლმსაჯულების სფეროში არსებული სისტემური ხასიათის პრობლემები, რითაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის აუცილებლობაში დარწმუნდნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებით, ეს პრობლემები განსაკუთრებით შეეხება მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების საკითხებს.

მათი თქმით, საბჭოში შესულმა მოსამართლეთა არაერთმა განცხადებამ ცხადყო, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა დამოუკიდებლობა იყო ძალზე დაბალი, მოსამართლეები იმყოფებოდნენ პროკურატურის ძლიერი წნეხის ქვეშ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ უზრუნველყოფდა სასამართლო ხელისუფლების, ისევე როგორც თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობას. ამის გამო ადამიანის ძირითადი უფლებები არ იყო დაცული სახელისუფლო თვითნებობისაგან.

"მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინებისა თუ მოსამართლეთა რეზერვის ინსტიტუტები ზოგჯერ გამოყენებული იყო პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებებით ამა თუ იმ მოსამართლის შესაბამისი სასამართლოდან თავიდან მოცილებისა თუ სასამართლო სისტემიდან მათი განდევნის ინსტრუმენტად. იყო შემთხვევები, როდესაც მორალური წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ და სამსახურის დატოვებას აიძულებდნენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ახორციელებდნენ დამოუკიდებელ, სხვასთან შეუთანხმებელ მართლმსაჯულებას. სისხლის სამართლის საქმეებზე სასჯელის განსაზღვრისას უპირატესობა ენიჭებოდა ე.წ. „გაიდლაინებს“, რომლის დროსაც მხედველობაში არ მიიღებოდა ინდივიდუალური სპეციფიკა, რაც აბრკოლებდა სასჯელის სამართლიან განსაზღვრას და უგულვებელყოფდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს; საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ფუნქციონირებდა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკური წნეხის პირობებში, როდესაც პრაქტიკულად არ არსებობდა გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი, რის გამოც ბრალდებულები, მათ შორის უდანაშაულოები, იძულებულები იყვნენ დასთანხმებოდნენ საპროცესო შეთანხმების ნებისმიერ პირობებს - ბრალის აღიარებასა თუ შეთავაზებულ სასჯელს. ზოგიერთ სასამართლოში მოსამართლეთა მეტისმეტი გადატვირთულობა, რაც საპროცესო ვადების დარღვევების გამო მოსამართლეებს მუდამ დისციპლინური დევნის მუქარის ქვეშ ამყოფებოდა, მათივე განმარტებით, მნიშვნელოვნად ამცირებდა მათ დამოუკიდებლობას, ისევე როგორც, საკუთრივ მართლმსაჯულების ხარისხს.
ეს და სხვა გარემოებები ერთობლიობაში ქმნის ლეგიტიმურ საფუძველს იმისას, რომ მართლმსაჯულების, განსაკუთრებით კი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში სერიოზული სისტემური პრობლემების არსებობა დავადასტუროთ" - აცხადებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.

მათივე თქმით, მხედველობაში მისაღებია ის, რომ საქართველოს ათიათასობით მოქალაქე თავს უფლებადარღვეულად მიიჩნევს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის განსაკუთრებით დამაფიქრებელი, რომ  აღნიშნულ მოქალაქეებს არ აქვთ თავიანთი სამდურავის განხილვისა და უფლებების აღდგენა-გამოსწორების არავითარი გზა, რადგან მათ საქმეებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული.

"შესაბამისად, ერთი მხრივ, მართლმსაჯულებაში სისტემური ხარვეზების არსებობა, როგორც ობიექტური ფაქტორი, და, მეორე მხრივ, ადამიანთა დიდი რაოდენობის მიერ თავიანთ ძირითად უფლებათა დარღვეულად მიჩნევა, როგორც სუბიექტური ფაქტორი, ერთობლიობაში, ქმნის არაორდინარულ სამართლებრივ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას წარმოშობს - შექმნას სავარაუდო დარღვევების გასაჩივრებისა და უფლებათა აღდგენის დამატებითი სამართლებრივი საშუალება. ამგვარად, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, განხილულ უნდა იქნეს, როგორც საქართველოს მიერ თავისი მოქალაქეებისათვის შექმნილი „ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი არაორდინარულ სამართლებრივ ვითარებაში. თავისი მოქალაქეებისათვის ასეთი მისაგებლის შეუქმნელობით, სახელმწიფო უნებურად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომელიც მას ავალდებულებს თავის სამართლებრივ სისტემაში იქონიოს ეფექტიანი სამართლებრივი გზა დარღვეული უფლებების სრული აღდგენისა და გამოსწორებისათვის.
გარდა ამისა, ხარვეზების კომისიის შექმნა, შექმნილ ვითარებაში, იმავდროულად წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენცია: კომისიის შექმნა ხომ მიზნად ისახავს არა მარტო კონკრეტულ საქმეებზე გამრუდებული მართლმსაჯულების გასწორებასა და ადამიანთა დარღვეული უფლებების რეალურ გამოსწორებას, არამედ უფლებათა შემდგომი დარღვევის პრევენციას; იგი მიმართულია არა მარტო წარსულის, არამედ მომავლისკენაც; კერძოდ, ეს განხორციელდება მართლმსაჯულების სფეროში არსებული სისტემური პრობლემებისა და იმ საკანონმდებლო ხარვეზებისა თუ მავნე ადმინისტრაციული პრაქტიკის გამოვლენით, რომლებმაც საფუძველი შეუქმნეს ადამიანის ძირითად უფლებათა მასობრივ დარღვევას; კომისიის შექმნა მიზნად ისახავს ამ პრობლემათა იდენტიფიკაციასა და მათი დაძლევის მიზნით ღონისძიებათა მთელი პაკეტის შემუშავებას; ამის დასტურია საკუთრივ ამ კომისიის სახელწოდებაც. ამგვარად, კომისიის შექმნა, დამატებით, უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს მიერ უფლებათა დაცვის სფეროში ევროპული კონვენციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შესრულება, იზრუნოს ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციისათვის" - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, იმისათვის, რომ სახელმწიფოს არ დაეკისროს აუტანელი ფინანსური თუ ორგანიზაციული ტვირთი, შესაძლებელია, ხარვეზების დამდგენ კომისიას მიეცეს უფლება, გადაწყვეტილებათა გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოებს მიმართოს მხოლოდ იმ საქმეებზე, სადაც იკვეთება ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული, უხეში დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი.

"საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, უარი არ თქვას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით მომზადებული კანონპროექტის შესაბამისად. ამასთანავე გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინი იმოქმედებენ ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სფეროში თავიანთი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად; იმ საჯარო და კერძო ინტერესის შესაბამისად, რომ სახელმწიფოში არა მარტო დამკვიდრებული უნდა იქნეს სამართლიანი სამართლებრივი სისტემა, არამედ იგი სწორედ ასეთად უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების თვალში”, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია საკუთრივ წმინდა მორალური ასპექტი, მორალური კომპენსაცია - სიმართლის თქმა, უდანაშაულო ადამიანების აღიარება უფლებათა დარღვევის მსხვერპლად, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეფასებით, არაფერი უდგას წინ. 

ცნობისთვის, 28 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო. მისი განმარტებით, მთავრობამ კანონპროექტზე დროებით უარი თქვა, რადგან შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია. კომისიის შექმნის გადადება დაუშვებლად შეაფასეს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შიმშილობა დაიწყო რამდენიმე ათეულმა პატიმარმა. რამდენიმე დღეში, მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ კომისიის შექმნა არ გადაუფიქრებიათ, მხოლოდ დროებით გადაიდო და მასზე იმსჯელებენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის შეფასებით კი, კარგია, რომ კომისიის შექმნა გადაიდო, რადგან ის ობიექტურად ვერ იმუშავებდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისია, რომლის წევრებსა და თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, პარლამენტი დაამტკიცებდა, უფლებამოსილი იქნებოდა გადაესინჯა სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს, ისიც კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ მომზადებული კონონპროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ "არამოსამართლეების მიერ სასამართლო ხარვეზების განხილვის იდეა აღძრავს კითხვებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებასა და სასამრთლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული". კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციაც მისცა.

კომენტარები