მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

ხადური: მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიაზე დღეს საღამოს ვიმსჯელებთ

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის  განცხადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიაზე მუშაობა გრძელდება. როგორც ხადურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ამ საკითხზე სამსჯელოდ დღეს საღამოს მინისტრები შეიკრიბებიან. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

ნოდარ ხადური აღნიშნავს, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს და ხელისუფლების მთავარი დაპირება იყო, არის და დარჩება სამართლიანობის აღდგენა.

ფინანსთა მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა მზად 2014 წლის ბიუჯეტი წინა ხელისუფლების მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ნოდარ ხადურის განმარტებით, 2014 წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე ამას არ ითვალისწინებს, რადგან მთავრობას არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღია და საკითხზე მუშაობა გრძელდება.

"ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რაზეა საუბარი ზოგადად ან ჩამორთმეული ქონება სად არის. ყველაფერს სჭირდება ძალიან სკრპულოზური გაანალიზება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო. მისი განმარტებით, მთავრობამ კანონპროექტზე დროებით უარი თქვა, რადგან შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია. კომისიის შექმნის გადადება დაუშვებლად შეაფასეს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შიმშილობა დაიწყო რამდენიმე ათეულმა პატიმარმა.

კომენტარები