მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

პარლამენტის ყოფილი შენობის წინ "სამართლიანობის აღდგენას" ითხოვენ

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, აქცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზებით იმართება. მასში ასევე მონაწილებენ პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  ისინი ითხოვენ "დაპირებულ სამართლიანობის აღდგენას", ასევე, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

მათ გაავრცელეს მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წელს ხმა მისცეს ქართულ ოცნებას, "რათა მშვიდობიანი გზით დაესრულებინა ანტიდემოკრატიული ავტორიტარული რეჟიმი".

"ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ განვლილ 1 წელიწადში ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებით და ლიბერალიზაციისაკენ მიმართული ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენის გზაზე, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ გზაზე მოძრაობა ჯერ შენელდა, ხოლო დღეისთვის ის თითქმის შეჩერებულია. თქვენს მიერ შეპირებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონის მიღების და ამ კომისიის ამუშავებით საზოგადოება მოთმინებით ელოდა სასამართლოების მიერ ბოლო წლებში დადგენილი უსამართლო განაჩენების გადახედვის შესაძლებლობას, თუმცა ამ კომისიის გადავადებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცივი წყალი გადაასხა ჩვენს მოლოდინებს", - ნათქვამია მიმართვაში ინტერპრესნიუსის ცნობით.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო. მისი განმარტებით, მთავრობამ კანონპროექტზე დროებით უარი თქვა, რადგან შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია. კომისიის შექმნის გადადება დაუშვებლად შეაფასეს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შიმშილობა დაიწყო რამდენიმე ათეულმა პატიმარმა. რამდენიმე დღეში, მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ კომისიის შექმნა არ გადაუფიქრებიათ, მხოლოდ დროებით გადაიდო და მასზე იმსჯელებენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის შეფასებით კი, კარგია, რომ კომისიის შექმნა გადაიდო, რადგან ის ობიექტურად ვერ იმუშავებდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისია, რომლის წევრებსა და თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, პარლამენტი დაამტკიცებდა, უფლებამოსილი იქნებოდა გადაესინჯა სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს, ისიც კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ მომზადებული კონონპროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ "არამოსამართლეების მიერ სასამართლო ხარვეზების განხილვის იდეა აღძრავს კითხვებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებასა და სასამრთლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული". კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციაც მისცა.

 

კომენტარები