პროტესტი უკრაინაში

კიევში პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა

კიევში პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მსვლელობისას პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უმაღლეს რადაც მოუწოდა 17 დეკემბერს ხმა მისცენ ამნისტიის კანონს, რომელიც დემონსტრაციების დროს დაკავებულ პირებზე გავრცელდება. პრეზიდენტი იანუკოვიჩი ასევე ძალისმიერ ქმედებებზე მორატორიუმის გამოცხადების წინადადებით გამოდის, რომელიც რადაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რისკების განხილვამდე გაგრძელდება. 

თუმცა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის არსენი იაცენიუკის განცხადებით, ის იანუკოვიჩის წინადადებას არ ენდობა. მისი თქმით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მუშაობას გააგრძელებს. პარტია უდარის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ კი პრეზიდენტ იანუკოვიჩს განუცხადა, რომ მზადდება დემონსტრანტებზე ძალის გამოყენების სცენარი და ეს ოპოზიციისთვის ცნობილია. კლიჩკომ იანუკოვიჩს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ძალის გამოყენებისგან, რადგან ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში უკრაინაც და პირადად იანუკოვიჩიც საშინელი შედეგის წინაშე დადგება.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა იანუკოვიჩს სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს: დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა დამნაშავის დასჯა, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას იყენებდა და მთავრობის გადაყენება.

შეხვედრის მსვლელობისას უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ასევე აღშფოთება გამოთქვა 11 დეკემბერს განვითარებული მოვლენების გამო და აღნიშნა, რომ ბარიკადების დაშლისას რადიკალურ ქმედებებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გარდა, პროვოკატორებიც მიმართავდნენ. პრეზიდენტი იანუკოვიჩი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ დოკუმენტი ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებლად მომზადდა და ის ადამიანები, ვინც შეთანხმების ტექსტზე მუშაობდნენ, შესაძლოა სამუშაოს ჩამოსცილდნენ.

იანუკოვიჩის თქმით, 30 ნოემბერს სტუდენტური აქციის დარბევის გადაწყვეტილება სამმა ადამიანმა მიიღო და მათი დასჯა აუცილებლად მოხდება, თუმცა პრეზიდენტს მათი ვინაობა დღეს არ დაუსახელებია.

ევრომაიდანზე კი ათასობით დემონსტრანტი აქციას განაგრძობს.

კომენტარები