არჩევნები კალათბურთის ფედერაციაში

ახვლედიანი: კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უკანონოდ იქნა არჩეული

მიხეილ ახვლედიანი

11 დეკემბერს გამართულ საარჩევნო ყრილობას, რომლის მიხედვითაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მიხეილ გაბრიჩიძე იქნა არჩეული, უკანანონოს უწოდებს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი მიხეილ ახვლედიანი.

კალათბურთელთა კავშირის დამფუძნებელის თქმით, ფედერაციის წესდებაში არსებულ დარღვევებზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ადექვატურად არ რეაგირებს და უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

"ჩვენ გვაქვს მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი იყო ფიქტიური ორგანიზაციების ხელით ორგანიზებული რაღაც თავყრილობა, რომელზეც ამ ორგანიზაციების ლეგიტიმაციების საშუალებით, უნდოდათ აერჩიათ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. არ შეიძლება ერთმა მინისტრის მოადგილემ მიწეროს ფიბას წერილი, სადაც აღნიშნულია დარღვევები რაზეს საუბარია წერილში და მეორე მოადგილე აცხადებდეს, რომ სამინისტრო არაფერში არ ჩაერევა. მაშინ რისთვის არსებობს სამინისტრო..," - აცხადებს მიხეილ ახვლედიანი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკა სხვადასხვა ფედერაციების საქმიანობაში  ჩარევას არ ითვალისწინებს და მათთან ურთიერთობას მომავალშიც მხოლოდ თანამშრომლობუის ფორმით აპირებენ

"სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არ ნიშნავს ყრილობებს, არ ნიშნავს პრეზიდენტებს და არ ღებულობს მონაწილეობას ჩარევის კუთხით. ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენი პოლიტიკა," - განაცხადა სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

ახვლედიანის თქმით, გამგეობის 10 აგვისტოს ყრილობა, რომელსაც ფედერაცია არ აღიარებს, ახლახანს იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა, შესაბამისად ყრილობათა რიგითობა დარღვეულია და ამრიგად, კიდევ ერთ იურიდიულ კაზუსს აქვს ადგილი.

"ჩვენ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს ყრილობის ოქმით და ის დარეგისტრირებულია, ატვირთულია საიტზე. შესაბამისად, უკვე შევდივართ საკანონმდებლო ჩიხში," - განაცხადა მიხეილ ახვლედიანმა.

კომენტარები