არჩევნები კალათბურთის ფედერაციაში

ლევან ყიფიანი: სამინისტრო კალათბურთის ფედერაციის საქმიანობაში არ ჩაერევა

gbf.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ლევან ყიფიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და გამგეობის წევრებს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა ფედერაციის წესდება და 11 დეკემბერს გასამართი პრეზიდენტის არჩევნები იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყიფიანმა და ლიპარტელიანმა მათ შორის შემდგარ საუბარს კონსტრუქციული უწოდეს. მინისტრის თქმით, არჩევნებამდე ის ოფიციალურად დარეგისტრირებულ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს შეხვდება.

"მნიშვნელოვანი იყო, რომ აქამდე არსებული პრობლემები სამუშაო ვითარებაში იქნა განხილული. ჩემთვის მეტად საპატივცემულო ხალხია გამგეობაში. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები. დავაფიქსირეთ სპორტის სამინისტროს პრინციპი, რაც არის ჩაურევლობა ფედერაციის საქმიანობაში, მისი დეპოლიტიზაცია, რაც ძალიან მისასალმებელია, რომ სრულად გაიზიარა კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ და მომავალში თანამშრომლობის გზებიც დაისახა. რაც ყველაზე მთავარია, საკალათბურთო სამყარომ თავად უნდა განსაზღვროს მომავალი პრეზიდენტი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ 4 კანდიდატია, ასეთი პრეცედენტი კალათბურთში აქამდე არ ყოფილა. ბატონი ბესოს გადაწყვეტილება, რომ აღარ ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე, უფრო მეტად შეუწყობს ხელს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობის დარბილების კუთხით. აქ ყოველნაირად უნდა გამოვრიცხოთ პირადი ინტერესები და ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ მომავალში კალათბურთი და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც გამგეობასთან, ისე მომავალ პრეზიდენტთან. გამგეობამ სრული პასუხისმგებლობა აიღო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ასეთ მიდგომას", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

 

კომენტარები