მთავარი პროკურატურა

პროკურატურა თანამშრომელთა გათავისუფლებას ადასტურებს, თუმცა ზეწოლას უარყოფს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს ორგანიზაციაში მიმდინარე საკადრო გადაადგილებებს, თუმცა უარყოფს თანამშრომლებზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს. პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი შეხვდა პროკურატურის ხელმძღვანელ პირებს. მათ შორის გაიმართა ღია საუბარი, რომელზეც განხილულ იქნა სამომავლო ხედვა, გეგმები და შესაძლო საკადრო გადაადგილებები. ნაწილ თანამშრომელთა მიმართ განხორციელდა საკადრო როტაცია, ხოლო ხელმძღვანელი პირების ნაწილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვების შესახებ.

"რაც შეეხება ბრალდებას, არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად საქმიანობის პერიოდში დანიშნული პროკურორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამჟამად სისტემაში საქმიანობას აგრძელებს 179 პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 11 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 21 ნოემბერს მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ, პროკურატურის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც საია-ს დირექტორმა კახა კოჟორიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, დაზარალებულებმა არასამთავრობო ორგანიზაციას თავად მიმართეს. კოჟორიძის თქმით, ისინი ამბობენ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოთხოვნას ძირითადად მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი აჟღერებდა, რომელიც თანამშრომლებს საკუთარ კაბინეტში იბარებდა და მათგან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას ითხოვდა. თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არცერთ მათგანს არ განუმარტავდნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი. აღსანიშნავია, რომ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად ათავისუფლებენ იმ პირებს, ვინც ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დროს დაინიშნენ თანამდებობებზე. ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილეს, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც", - თქვა საია-ს თავმჯდომარემ და მედიას იმ თანამდებობის პირთა სახელები და გვრები წარუდგინა, რომლებიც პროკურატურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები