დიდთოვლობა

მთავრობა: დიდთოვლობის გამო, შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

პრემიერმინისტრის დავალებით, დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ენერგეტიკის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობა და სამაშველო სამსახურები.

ასევე, 110 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების აღმოსაფხვრელად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური.

"ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმ სამუშაო ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მაღალი ძაბვის გადამცემი ანძის აღსადგენად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ასევე დაზიანებულია დაბალი ძაბვის ხაზები იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში. ავარიების დროულად აღმოფხვრისთვის ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალებიდან არის გადაყვანილი. ღამის განმავლობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს ელექტროენერგია ყველა რეგიონში მიეწოდებოდა. იმ ადგილებზე, სადაც სარემონტო ბრიგადებმა ქარბუქის და დიდთოვლობის მიუხედავად მისვლა მოახერხეს, შესრულდა აღდგენითი სამუშოები და აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ადგილზე პროცესს ენერგეტიკის სამინისტრო კურირებს", - აცხადებს მთავრობის პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ მთელი ღამის განმავლობაში საავტომობილო გზებზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. გზების დეპარტამენტის ბოლო ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი–ქუთაისის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, ინტენსიური თოვლის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ56 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გარდა ამისა, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

თოვლისა და ქარბუქის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.

დიდთოვლობის გამო, უკვე ორი დღეა, საქართველოს რეგიონებში 147 600 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თუმცა მათი თქმით, აღდგენითი სამუშაოების წარმოებას ხელს რთული მეტეოროლოგიური პირობები უშლის. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც კომპანიის აბონენტების გათიშვა გამოიწვია.

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღეს საღამომდე აღუდგება.

უამინდობის გამო ბათუმის მასშტაბით 28 საბავშვო ბაღის მუშაობა დროებით, შეწყდა.

ამასთან, ხელვაჩაურში დიდთოვლობამ მსხვერპლიც გამოიწვია. სასათბურე ნაგებობის ჩამონგრევამ თანამშრომლები მოიყოლა. მათგან ორი ქალბატონი გარდაიცვალა, ათი კი, სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ხუთი, მძიმე მდგომარეობაშია. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილის ნინო წვერავას თქმით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ამაღამ ითოვებს. მაღალმთაში იქნება ქარბუქი. წვერავას თქმით, ყინვიანი და ცვალებადი ამინდები, პერიოდული გამოდარებითა და თოვლის ნალექით 17 დეკემბრამდე შენარჩუნდება. შემდეგ შესაძლოა, გამოიდაროს და ამინდი გაუმჯობესდეს.

კომენტარები