პროტესტი უკრაინაში

უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურები ტაბულას უკრაინიდან აძევებენ

ტაბულას გადამღებ ჯგუფს უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. როგორც ტაბულას ჟურნალისტი კიევიდან იტყობინება, მათ ზეპირი ფორმით აუხსნეს, რომ ქვეყანა ერთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ და უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ - მასობრივ არეულობებში მონაწილეობის საბაბით. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტებს ქვეყნიდან დეპორტით გამოუშვებენ.

ტაბულას რეპორტიორმა უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს სთხოვა წარმოედგინათ ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება. დიმიტრი ავალიანს დოკუმენტი არ აჩვენეს, თუმცა, ზეპირი ფორმით უთხრეს უშიშროების სამსახურის 10 დეკემბრის დადგენილების ნომერი (N 54543). 

ტაბულას ჟურნალისტის ცნობით, სავარაუდოდ, აკრძალვა უცხო ქვეყნის სხვა მედიასაშუალებებსაც შეეხებათ.

დიმიტრი ავალიანი უკრაინის დატოვებას არ აპირებს. ის ქვეყანაში იქამდე დარჩება, ვიდრე ოფიციალურ ტექსტს არ გააცნობენ.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

გუშინ ბერკუტი საიტ Censor.net.ua და ტელევიზია INTV-ს ოფისებში შევიდა. მათ ამოიღეს სერვერები და კომპიუტერები. ბერკუტი ასევე შევიდა პარტია ბატკივშჩინას ოფისშიც, საიდანაც, ანალოგიურად, კომპიუტერები ამოიღო.

ამასთან, გვიან ღამით, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით, სამთავრობო კვარტალში ბარიკადები დაშალეს. მაიდანისა და კიევის ქალაქის საბჭოს შენობის გარდა, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა ბლოკპოსტები ყველგან აიღეს.

კომენტარები