პროტესტი უკრაინაში

იანუკოვიჩმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების მზადყოფნა გამოთქვა

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პრესსამსახურის ინფორმაციით, იანუკოვიჩი დათანხმდა უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ოპოზიციის ლიდერებთან ერთად განიხილავენ ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას.  

პირველი მსგავსი შეხვედრა ხვალ, 10 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

Kyiv Post-ის ცნობით, ოპოზიციის ლიდერები ამჟამად განიხილავენ, შეხვდნენ თუ არა იანუკოვიჩს. პარალელურად, ისინი ევრომაიდანის საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდებენ, ნუ აყვებიან პანიკას და იყვნენ მშვიდად, რადგან ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ვერ გაბედავს.

"თუ ვინმე გადაწყვეტს ძალის გამოყენებას, მილიონობით ადამიანი გამოვა ქუჩებში. იანუკოვიჩს ბევრი ხალხის ეშინია", - ასე მიმართა მხარდამჭერებს ოპოზიციური პარტია Svoboda-ს ერთ-ერთმა ლიდერმა იგორ შვაიკამ.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ ალყაში მოაქციეს ევრომაიდანი და ყველა სამთავრობო შენობა, დაკეტეს ცენტრალური მეტროსადგურები. აქტივსტები უკვე რამდენიმე საათია სპეცრაზმის დასახვედრად ემზადებიან, აგებენ დამცავ ჯებირებს. ისინი აცხადებენ, რომ ბერკუტს წინ აღუდგებიან. პარალელურად, მოხალისეებმა შექმნეს შტაბი, სადაც ექიმები მზად იქნებიან სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვისაც ეს დასჭირდება.

მოხალისეების სამედიცინო შტაბი კიევში
ფოტო: Kyiv Post
უკრაინის ხელისუფლებას ძალის არგამოყენებისკენ მოუწოდებენ ამერიკელი და ევროპელი თანამდებობის პირები.

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიატმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ტვიტერზე დაპოსტა: "მშვიდობიანი დემონსტრაცია ნებადართული უნდა იყოს და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დიალოგი და არა ძალადობრივი გამოსავალი, მსოფლიო გიყურებთ. შანსი არ უნდა დაიკარგოს".

მოვლენებს ასევე ტვიტერზე გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი: "კიევში დაძაბულობა იზრდება. მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაფასებული უნდა იყოს. ყველა ძალადობა თავიდან უნდა იქნეს აცილებული, დიალოგი უნდა დაიწყოს".

კომენტარები