მავთულხლართები

სააკაშვილი: მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ოკუპაციის საკითხზე მაინც ვდგავართ ერთად

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დვანში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან განცხადება გააკეთა. მან მთავრობის წევრებს მავთულხლართებთან აღმართული ტრაფარეტიდან  მიმართა. პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით, პრინციპული პოზიცია დააფიქსიროს. მიხეილ სააკაშვილი მზად არის მომავალი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მთავრობასთან ითანამშრომლოს. 

"თქვენ ხედავთ იმ სამარცხვინო ფარდას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტმა ჩამოაფარა ჩვენი საზოგადოების წევრებს. მე ზოგიერთივით არ მიმაჩნია, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა. მე ვფიქრობ, ოკუპანტი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას ჩვენს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებასა და მომავალზე. ამ შეტევას აქვს სრულიად კონკრეტული მიზანი -  ჩვენი სუვერენიტეტის შერყევა და ქვეყნის დასუსტება. ამაზე ჩვენ სათანადო რეაგირება უნდა მოვახდინოთ ძალიან მტკიცედ, მშვიდად და ერთიანად. სწორედ ამისთვის არსებობს საკონსტიტუციო მექანიზმები. მე მოვიწვიე უშიშროების საბჭო, შევთავაზე მთავრობას ერთად გვემსჯელა ამ საკითხზე და მგონი, ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ასეთი მსჯელობა და კოორდინაცია და შეხვედრები არის უფრო აუცილებელი, ვიდრე ოდესმე"  - აცხადებს პრეზიდენტი. მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას სერიოზული უთანხმოება აქვთ ეკონომიკაზე, დანაშაულთან ბრძოლაზე, ნეპოტიზმის საკითხებზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, არ შეიძლება იყოს უთანხმოება მთავარ საკითხზე - საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტზე.

"ჩვენ ყველა ერთნაირად ვართ შეძრწუნებულები რუსეთის ქმედებებით. ისინი სულ უფრო მოიწევენ წინ, და რეალურად შეიძლება გადაჭრან ავტობანიც, მიითვისონ ნავთობსადენიც.. რა თქმა უნდა, ამას აქვს ყოველდღიური ტრაგიკული შედეგები ამ ხალსისთვის, ვისაც სახნავ-სათესი წაართვეს, მაგრამ ამას აქვს კონკრეტული და გრძელვადიანად დამანგრეველი შედეგები ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ეს არის ძალიან საშიში ამ ხალხისთვისაც და მომაკვდინებლად საშიში შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოსთვის. ამიტომ ახლა ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ჯერჯერობით, ამას ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ, ასეთია დღეს სამთავრობო პოზიცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენ ერთად შევცვლით. რუსეთი სულ გვცდის, რა არის ჩვენი სისუსტე, უთანხმოებები, სად ვაპირებთ კიდევ უკან დახევას, გრძელი დამცირებების ჯაჭვს დაემატა ის, რომ ნეჩაევს, იმ ადამიანს, რომელიც ბომბავდა ჩვენს სოფლებს და ქალაქებს, დახოცა ხალხი და რომელსაც ჩვენ დავუზიანეთ თვითმფრინავი, მიანიჭეს უფლება, რომ წაეღო ოლიმპიური ჩირაღდანი. ეს რა თქმა უნდა, პროვოკაციაა. და ამიტომ, ჩვენ როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ამ პროვოკაციაზე ერთობლივი მოქმედება" - განაცხადა პრეზიდენტმა საოკუპაციო ზოლთან. მისი თქმით, მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ანექსია და მავთულხლართები ემსახურება ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვას, თუმცა, სააკაშვილის განცხადებით, ანექსია მიმართულია საქართველოს მომავლის, თავისუფლების და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

"ამიტომ, ერთად უნდა ვიქმედოთ. თუ ქვეყნის შიგნით ვერ ვახერხებთ ერთიანობას, თუ ქვეყნის შიგნით ვერ შევთანხმდით, რომ მცოცავი ოკუპაცია არის მთავარი საკითხი, როგორ ვაქციოთ საერთაშორისო ასპარეზზე მთავარ საკითხად? შეიძლება მხარს არ უჭერდეთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ როგორ შეიძლება, მხარს არ ვუჭერდეთ ქვეყნის სუვერენიტეტს და მომავალს? მოდით, ყველა ერთად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს. მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ამ საკითხში მაინც შეგვიძლია, ვიყოთ ერთიანები, მშვიდები, მტკიცეები და ძლიერები თავისუფლებისადმი ლტოლვაში", " - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები