სტიქია

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ყინვა -18°C-ს მიაღწევს

თოვლი საირმეში
facebook.com/SairmeResort

სინოპტიკოსთა ინფორმაციით, დღეს, 4 დეკემბერს, საქართველოში უამინდობა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ძლიერი ქარი იქროლებს. სპეციალისტები ქარის შესუსტებას დღის ბოლოდან ელოდებიან, თუმცა ვარაუდობენ, რომ გაძლიერდება ყინვა. თბილისში ტემპერატურა -5°C, მაღალმთიან რეგიონებში კი -18°C-მდე დაეცემა. 

3 დეკემბერს დაწყებულმა უამინდობამ პრობლემები შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, აქ მოძრაობა უამინდობის გამო მთელი ღამის განმავლობაში შეფერხებული იყო. საცობი თავდაპირველად ტრაილერის მოცურებამ გამოიწვია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, უამინდობის გამო, თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდისა და გუდაური-კობის უღელტეხილებზე.

ძლიერმა ქარებმა პრობლემები შეუქმნა კახეთის თითქმის ყველა რეგიონს. გურჯაანში სამი საერთო საცხოვრებლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. ჩამოვარდნილმა სახურავმა მანქანებიც დააზიანა, მწყობრიდან არის გამოსული ელექტროგადამცემი ბოძები და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რეგიონში ზარალს ითვლიან.

მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარი და  წვიმა იყო ბათუმში. ზღვაში 7-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე კი ფეხით სავალი ბილიკის ნაწილი წყლით დაიფარა. უამინდობის გამო დღეს დილიდან ბათუმი-მინსკის ავიარეისიც გადაიდო. ქალაქში  სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მათი ინფორმაციით, შენობები არ დაზიანებულა.

წყალდიდობაა ხობის რაიონშიც. მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელი პატარა ფოთი დატბორა. წყლით დაიფარა საცხოვრებელი სახლების ეზოები და განადგურდა სათბურები. შემთხვევის ადგილზე დილიდან სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

ძლიერი ქარის გამო სხვადასხვა რეგიონში 70 ათასამდე აბონენტი გათიშული იყო. ამ დროისთვის ელექტროენერგია 50 ათასამდე აბონენტს ისევ არ მოეწოდება.

კომენტარები