ინფლაცია

საქსტატი: ნოემბერში სურსათი, საცხოვრებელი და ჯანდაცვა გაძვირდა

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს, 3 დეკემბერს, ნოემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,5% შეადგინა. ასევე, ნოემბერში გაძვირდა სამომხმარებლო კალათაში შემავალი გარკვეული საქონლისა და მომსახურების ღირებულება.

საქსტატის ცნობით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5%-ით, რაც ნოემბრის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.44 პროცენტული პუნქტი წვლილით აისახა. ნოემბერში ფასებმა მოიმატა შემდეგი სახის პროდუქციაზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2%) და რძე, ყველი და კვერცხი (3.5%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (5,7%).

მოცემულ პერიოდში 0.5%-იანი ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ნოემბრის თვის ინფლაციაში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (1.5%).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის ნოემბერში 2012 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები გაიზარდა 8.6%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.45 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში
  • ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (13.8%).
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში შეადგინა 0.29%. ფასები გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლაზე და შეკეთებაზე (7.3%), საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (3.9%).
  • ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ საქონელზე (მომსახურებაზე) ფასები შემცირდა 3.2%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,42 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,8%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (-3.4%).

კომენტარები