თბილისის მერი

ენმ თბილისის მერის კანდიდატს პრაიმერის საშუალებით შეარჩევს

primetimenews.ge

ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერის კანდიდატს პრაიმერის საშუალებით შეარჩევს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. როგორც ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, გადაწყვეტილებას შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მისი ინფორმაციით, საკუთარ კანდიდატურას სავარაუდოდ, მოქმედი მერი გიგი უგულავაც დააყენებს. 

"პრაიმერი ჩატარდება და ვფიქრობ, რომ მასში მონაწილეობა მივიღო, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. ბევრი სხვა ადამიანია ნაციონალურ მოძრაობაში, რომლებსაც აქვთ შანსი. გიგი უგულავა აპირებს მონაწილეობის მიღებას პრაიმერში. ვფიქრობ, რომ მას აქვს არჩევნებში გამარჯვების სერიოზული შანსი", - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის მერი კარგი მენეჯერი უნდა იყოს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიერ დასახელებული მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას კარგ მენეჯერად არ მიიჩნევს.

"თბილისის მერი უნდა იყოს კარგი მენეჯერი. უნდა იცოდეს ქალაქის პრობლემები და ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების პერსპექტივები. ნარმანია არ არის კარგი მენეჯერი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ჩავარდნა წელს ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამან გამოიწვია სერიოზული რყევები ეკონომიკაშიც. ნარმანიაზე ვერ ვიტყვი, რომ ის არის გამოცდილი მენეჯერი. "მეურნე" რას ნიშნავს ვერ გავიგე, ეს კიდევ რთული შეფასებაა, შეიძლება ოჯახში ჰქონდეს მეურნეობა და უვლიდეს იმ მეურნეობას", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ თბილისის მერობის კანდიდატად რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაასახელა. მისმა კანდიდატურამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაზა პაპუაშვილისთვის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა მიუღებელია. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ გამოჩნდებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც ნარმანია მეტოქეობას ვერ გაუწევს.

კომენტარები