ვილნიუსის სამიტი

პეტრიაშვილი: ყველაფერი გაკეთდება, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწეროს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ვროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებით, საქართველო ჩაერთო საინტერესო, სახიფათო, მაგრამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელიც აუცილებლად დასრულდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ვილნიუსის წარმატების შემდეგ, საქართველო უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტ ძალისხმევას მოახმარს რეფორმების განხორციელებას და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მომავალი წლის სექტემბერში მოხდეს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა", - თქვა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება უკვე დასრულდა. 

1000-გვერდიან დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოაწერეს.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირების პროცესი დახურულ კარს მიღმა, სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, დღევანდელი დღე ისტორიულია. მისი შეფასებით, ამიერიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს უთხრა, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებით, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის იურიდიულ ჩარჩოებში ექცევა.

"ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება არ არის, მაგრამ ამ ხელშეკრულებით საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ ხელშეკრულების პარაფირებას. ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივართ. ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, რასაც ყველა ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები