ვილნიუსის სამიტი

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირება მიმდინარეობს

ვილნიუსში საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ახდენს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება და 1 000-გვერდიან დოკუმენტს ხელს აწერს. პარაფირების პროცესი დახურულია და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდება. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, დღევანდელი დღე ისტორიულია. მისი შეფასებით, ამიერიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს უთხრა, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებით, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის იურიდიულ ჩარჩოებში ექცევა.

"ეს  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება არ არის, მაგრამ ამ ხელშეკრულებით საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ ხელშეკრულების პარაფირებას. ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივართ. ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, რასაც ყველა ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები