რუსულ-ქართული ურთიერთობები

ღარიბაშვილი: რუსეთის პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, უკრაინის მაგალითი საქართველოზე რაიმე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სამხედრო ქალაქში ჯარისკაცებისთვის ბინების სიმბოლურად გადაცემის შემდეგ განუცხადა, საქართველო ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე.

"არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ შესაძლოა, უკრაინის მაგალითმა რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს საქართველოზე. მიმაჩნია, რომ ამან შეიძლება, პირიქით, ხელი შეუწყოს პროცესის დაჩქარებას. რაც მთავარია, უკრაინის მაგალითი არ არის შესაფერისი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, ვილნიუსის სამიტის მოახლოების ფონზე, რამდენად ელოდება საქართველოს მთავრობა რუსეთისგან პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. პრემიერის თქმით, საქართველოს ბევრი პროვოკაცია უნახავს.

"ჩვენ უნდა შევაფასოთ ძალიან ფრთხილად და გონივრულად ეს რისკები და გამოწვევები. პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ. მუსირებს აზრი, რომ შესაძლოა გაიზარდოს პროვოკაციების რაოდენობა, ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ დროულად მოვახდინოთ ამ პროვოკაციების პრევენცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დვანში საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლების პროცესი, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ შეწყდა, გუშინ განაახლეს. დვანელთა სასოფლო-სამეურნეო მიწები ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ექცევა.

გარდა ამისა, კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხურვალეთში მცხოვრები 24 წლის მალხაზ ვანიშვილი და 28 წლის გოჩა მაყიშვილი ორი დღის წინ აიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, დაკავებული ქართველები ცხინვალის ციხეში იმყოფებიან.

კომენტარები