რუსულ-ქართული ურთიერთობები

ფანჯიკიძე: საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თუ რუსეთი პროვოკაციებს გააგრძელებს, საქართველოს მთავრობას საკუთარი პოზიცია შემუშავებული აქვს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს სტრატეგია, მათ შორის - ეკონომიკური მიმართულებით. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებითვე, საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

"რაც შეეხება ეკონომიკურ დამოკიდებულებას, აქ უნდა აღნიშნოს ის დადებითი ელემენტი, რაც არის რუსეთის ბაზრის გახსნა. ეს არის აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების მიღწევა. იმედი მაქვს, რომ ამას ასევე დადებით ნაბიჯად აღიქვამს რუსეთიც და ამ შეთანხმებას არაფერი დაემუქრება, თუმცა, თუკი ჩვენ მოგვიწევს ისევ იმ პირობებში დაბრუნება, რომელიც იყო აბაშიძე და კარასინის ფორმატის შექმნამდე, ქართული ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმა არ იქნება, რადგანაც ჩვენი ეკონომიკა ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, განსხვავებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისგან. ერთი სიტყვით, ორივე მიმართულებით გვაქვს სტრატეგია, რათა მივაღწიოთ იმ საერთო ქართულ მიზანს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ჰქვია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, უკრაინის შემთხვევას ღრმა ანალიზი სჭირდება.

"დღესაც გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ახალი განცხადება. იმას, თუ რა გახდა უკრაინისთვის თავშეკავების მიზეზი, უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება. რაც შეეხება საქართველოს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და საქართველოს ორი რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, ამ წნეხის გაზრდის სივრცე, შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს. 2013 წლის იანვრიდან რუსეთი სხვადასხვა სიხშირით და ინტენსივობით ავლებს მავთულხლართებს და სხვადასხვა სახის ბარიერებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ჩვენ ეს პროცესი, რომელიც 2011 წლიდან დაიწყო, ძალიან გვაშფოთებს და ამ უკანონობის აღსაკვეთად, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას ვცდილობთ. შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, იგი ამ დღეებშიც მიმდინარეობს, თუმცა ჩვენი პასუხი რუსეთის ხელისუფლების არალეგალურ ქმედებებზე ყოველთვის იქნება თავშეკავებული, ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციას და არ გამოვიწვევთ სიტუაციის ესკალაციას. ჩვენ ველოდებით გარკვეული მიმართულებების განვითარებას, ისევე როგორც ეს ხდებოდა გასული თვეების განმავლობაში, მაგრამ გვაქვს შემუშავებული ჩვენი პოზიცია თუ როგორც მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუკი ეს პროცესი გაგრძელდება და მიიღებს უფრო ინტენსიურ ხასიათს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები