რუსულ-ქართული ურთიერთობები

პეტრიაშვილი: რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არც მე გამოვრიცხავ

eu-integration.gov.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა მისასალმებელია. თუმცა, მისი თქმით, ეს არ მოხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებას სასტუმრო რედისონში, სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე გამოეხმაურა.

"ვლადიმირ პუტინმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმდეს. ამას არც მე გამოვრიცხავ. საქართველოს წინა ხელისუფლებამ ცალმხრივად, რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე გააუქმა სავიზო რეჟიმი. რუსეთის ხელისუფლების მაგივრად, მე ვერ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ვერ იქონიებს გავლენას ვერც ერთ ჩვენს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე გადაწყვეტილების შეცვლის კუთხით. მივესალმები ყველა გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას მის მეზობელ სახელმწიფოსთან, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ მოხდება ჩვენი ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების ფასად არასდროს", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა და განმარტა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის დეოკუპაცია, ასევე, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ, 19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მისი დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან თბილისის მხრიდან გარკვეული "გზავნილები" მოდის. პუტინმა კვლავ აღნიშნა, რომ 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე რუსეთი პასუხს არ აგებს, ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს.

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დადებითად აფასებს "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მზაობას საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით".

კომენტარები