თბილისის მერი

უგულავა: საჭიროდ არ ვთვლი მაინცდამაინც ხოხობთან ერთად დაბადებულ თბილისის მერს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერის პოსტზე დავით ნარმანიას წარდგენის გამო, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილმა პრემიერმა გადაწყვიტა, რომ  ქართულ საზოგადოებაში არსებული ყველა სტერეოტიპი დაანგრიოს და ეს მისასალმებელია.  

”სტერეოტიპი დაამსხვრია, როცა პრეზიდენტად ავირჩიეთ "კალიგულას ცხენი” და ეს ყველაზე გავრცელებული მეტაფორა იყო, რაც მას უხდებოდა. ახლა თბილისის მერად გვთავაზობენ კალიგულას პონს. არ ვშაყირობ, გულწრფელად ვამბობ, სტერეოტიპები უნდა დაინგრეს. გუშინ ვკითხულობდი განცხადებებს, რომ "აი, თბილისელი არ არის", მე არ ვთვლი, რომ მაინცდამაინც ხოხობთან ერთად დაბადებული ადამიანი უნდა იყოს თბილისის მერი”, - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს და დავით ნარმანიას მთავრობის მიერ შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, დისკუსია შესთავაზა. მისი თქმით, ნარმანიაზე, როგორც მერობის კანდიდატზე ვერაფერს იტყვის, მაგრამ უგულავას განცხადებით, ნარმანია როგორც მინისტრი არის ადამიანი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თბილისს ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი წაართვა.

”მე შემიძლია, ამ ადამიანზე ვილაპარაკო, როგორც მინისტრზე. ამ ადამიანმა 6 თვის განმავლობაში საერთოდ ვერაფერი გააკეთა - ყველა პროექტი გააჩერა, რადგან ვერ გაერკვა, რისი მინისტრი იყო. შემდეგ მისი უშუალო მეცადინეობით და ხრიკებით, შეჩერდა თბილისის შემოვლითი რკინიგზა. ასევე მისი უშუალო დავალებით შეჩერდა სამანქანო ხიდის პროექტი, რომელიც ვეფხვისა და მოყმის ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე გადადიოდა და საცობების განმუხტვისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ასე რომ, თავისი ინფრასტრუქტურის მინისტრობის ერთი წლის განმავლობაში, ნარმანიამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტი წაართვა თბილისს. ამ ადამიანს საერთოდ არ ამოუღია ხმა მაშინ, როცა მთავრობამ 50 მილიონით შეუმცირა ქალაქს ბიუჯეტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ამ ადამიანს ევალებოდა ცენტრალური მთავრობიდან რეგიონების კოორდინირება და როცა მთელი ერთი წლის განმავლობაში რეგიონებში, ცეცხლითა და მახვილით, ყველა ძალოვანი სტრუქტურა ”ოცნების ხატზე” აფიცებდა საკრებულოს არჩეულ წევრებს, ერთხელაც არ ამოუღია ხმა და არ გაუპროტესტებია ის ძალადობა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ხორციელდებოდა. ამ ადამიანმა გამოცხადების დღესვე, ერთ მარტივ და არა რთულ და ქვეწყობილ წინადადებაში ორჯერ ახსენა ”41”, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე პარტიის და პარტიული ინერციის ამარაა და მხოლოდ და მხოლოდ, პარტიის და პარტიული ინერციის ხარჯზე უნდა გახდეს თბილისის მერი და არა საკუთარი ინდივიდუალურობის. აი, ეს არის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა. მე მას ვთავაზობ ღირსეულ, სუფთა კამპანიას და მზად ვარ, არა დებატები, არამედ დისკუსია შევთავაზო თბილისის საკითხებზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც ობიექტურად არსებობს, რომლის მოგვარებაც შეიძლება ჩემი მერობის პერიოდში ვერ მოვახერხეთ და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც ცენტრალურმა მთავრობამ ამ ერთი წლის განმავლობაში შეუქმნა თბილისს”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება კოალიციის პოლიტსაბჭომ 23 ნოემბერს მიიღო.

კომენტარები