ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ბოდოკიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია ადითს საავადმყოფოები ჩამოერთვა.
”სახელმწიფო კომპანიამ ადითმა ვერ შეასრულა ვერცერთი ნაკისრი ვალდებულება, წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა მათთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ”, - განაცხადა ბოდოკიამ. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებების ვერშესრულების გამო საავადმყოფოები სახელმწიფოს დაუბრუნდა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს პირველი მოადგილის დიტო მახათაძის განცხადებით ადითს არცერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და საავადმყოფოები სწორედ ამიტომ ჩამოერთვა.
”მათ ქონდათ ვალდებულება რომ, საავადმყოფოებში სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინათ და მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდების უწყვეტობა უზრუნველყოთ. მათ ქონდათ აღებული ვალდებულება, რომ საავადმყოფოები აღჭურვილი იქნებოდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და დასაქმებული იქნებოდა ხალხი, მათ კი ამ პროექტში არანაირი ინვესტიცია არ ჩაუდიათ” - განაცხადა დიტო მახათაძემ.
ჰოსპიტალების ქსელი ადითი ახორციელებდა 9, მათ შორის - 8 მოქმედი საავადმყოფოს მენეჯმენტს, რომლებიც მის მფლობელობაში 2010 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე გადავიდა.





