სამთავრობო პროგრამა

ახალი მთავრობის პრიორიტეტი საყოველთაო დაზღვევის გაგრძელება-გაფართოება იქნება

ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, რომელსაც პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში წარადგენს, გაგრძელდება და ეტაპობრივად გაფართოვდება 2013 წელს დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, "რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტით". პროგრამის თანახმადვე, საქართველოს მოსახლეობა უფრო მეტად იქნება დაცული ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯებისა და გაღარიბების რისკებისაგან.

"გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასა და სამკურნალწამლო საშუალებებზე, გაიზრდება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობა ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და პირველადი ჯანდაცვის დონეზე მეტი ძალისხმევის მიმართვის გზით", - წერია დოკუმენტში. 

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ჯანდაცვის სფეროში დაფინანსების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდება საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო სერვისების "ერთიანი შემსყიდველი მექანიზმი“.

"ამავე დროს, განიხილება სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ინტეგრირებული სისტემის დანერგვა, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის სამედიცინო სერვისზე სახელმწიფო დანახარჯებს. პროგრამული გამოსავლებისა და სახელმწიფო რესურსების ხარჯთეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება ჯანდაცვის პროგრამული დაფინანსების (ინდივიდუალურ დაავადებებზე ორიენტირებული ჯანდაცვის პროგრამების) შემდგომი გაუმჯობესება, სამეცნიერო მტკიცებულებებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით", - ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემების შემუშავება/დანერგვაზე როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე კერძო სადაზღვევო სქემებით მიწოდებული მომსახურების ფარგლებში; შემუშავდება და ეტაპობრივად დაინერგება ხარისხის მართვის მექანიზმები (შიდა აუდიტი, აკრედიტაცია) როგორც ამბულატორიული, ისე ჰოსპიტალური და ლაბორატორიული სერვისების ფარგლებში. ასევე, განხორციელდება სამედიცინო განათლებისა და სერტიფიცირების ძირეული რეფორმები როგორც დიპლომამდელ, ისე დიპლომისშემდგომ და უწყვეტი სამედიცინო სწავლების ეტაპებზე.

"ჯანდაცვის სექტორში არსებული ინფრასტრუქტურის ანალიზის, სამედიცინო სერვისების დონეების განსაზღვრისა და მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროებების (მაგ.: მაღალმთიან რაიონებში და კონფლიქტის ზონების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის) შესაბამისად, მთავრობა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობით", - წერია დოკუმენტში. 

კომენტარები