სამთავრობო პროგრამა

ჯაფარიძე: სამთავრობო პროგრამა ეკლექტური და ურთიერთგამომრიცხავია

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

სამთავრობო პროგრამა არის ძალიან ეკლექტური და ურთიერთგამომრიცხავი. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მან ყველა იმ გამონათქვამს და უმცირესობის მიერ დასმულ კითხვაზე კომენტარს უპასუხა, რომელიც სამთავრობო პროგრამის განხილვამდე და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე ორი დღის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან დაგროვდა.

  • ეკონომიკა გასული 9 წლის განმავლობაში იზრდებოდა ილუზორულად, იმიტომ რომ სახელმწიფო ბიზნესს  ატერორებდა და ამოღებულ ფულს თვითნებურად ხარჯავდა: ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს ისეთი ეკონომიკური სკოლა ან თეორია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიზნესს ატერორებს და ეკონომიკა ამის გამო იზრდება.
  • ეკონომიკური ვარდნა დაიწყო შარშან ივნისში: „შარშან მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდა იყო 7.5%, მეოთხე კვარტალში ჩამოვიდა 2.8%-მდე. ეს არის ვარდნა და არა ის, რომ რაღაც ნახევარი პროცენტით შეიცვლება ეკონომიკური ზრდის ტემპი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • მოსახლეობის გადინება მოხდა წინა წლებში, ამიტომ პოლიტიკა უნდა შევიმუშავოთ, რომ მათ დაბრუნებაზე ვიზრუნოთ: ჯაფარიძის თქმით, ამ პრობლემას ვერანაირი პოლიტიკის შემუშავება ვერ უშველის მანამ, სანამ საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა ზრდას არ მიაღწევს. „მიგრაციის რამდენიმე ტიპის ტენდენცია არის თანამედროვე მსოფლიოში. ერთი - ადამიანები მოძრაობენ უფრო ზღვისკენ, სახლდებიან უფრო ზღვასთან ახლოს. მეორე - მიდიან სოფლად დასახლებული ადგილებიდან უფრო ურბანული ადგილებისკენ და მესამე - რაც ჩვენთვის უფრო რელევანტურია - დაბალი მშპ-ის მქონე ქვეყნებიდან მიედინებიან უფრო მაღალი მშპ-ის მქონე ქვეყნებში, ანუ ჩვენ რაც უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირს, ასეთი გადინების ტემპი სულ უფრო იქნება: ადამიანები წავლენ იქ, იმიტომ რომ იქ უფრო მაღალი შემოსავლებია და შემდეგ იქიდან დაეხმარებიან თავიანთ ოჯახებს. სახელმწიფო პოლიტიკა ამას ვერ გააჩერებს, ეს არის ფაქტი, დაბრუნდებიან მაშინ, როცა ქართული ეკონომიკა დაეწევა მათ ეკონომიკას. ამისთვის კი საჭიროა ორნიშნა ზრდა და არა ის 1.3%-იანი ზრდა, რომელიც მესამე კვარტალში იყო“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • ბიუჯეტი გაირღვევა საშემოსავლო ნაწილში, მაგრამ არ გაირღვევა ხარჯვით ნაწილში: ჯაფარიძის თქმით, ეს უშინაარსო წინადადებაა, რადგან თუ შემოსავლები არ იქნება, ვერც ვერაფერი დაიხარჯება. „ერთ მილიარდში გარღვევა შემოსავლებში, ნიშნავს იმას, რომ ერთი მილიარდი აკლდება ხარჯებსაც“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • 2014 წლის ბიუჯეტში წერია, რომ 2013 წლის ბოლოსთვის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. ეს რეალური არ არის, მაგრამ სავალუტო ფონდი რეალურ ციფრებს მოგვცემს: ჯაფარიძის თქმით, თუ სავალუტო ფონდმა უნდა დაადგინოს მთავრობის პოლიტიკა, გამოდის, რომ ეკონომიკური ბლოკის სამინისტრო საერთოდ არ ყოფილა საჭირო. „ხომ ვიცით, რომ 2%-იანი ზრდა არის მაქსიმუმი - როცა შემოგაქვთ ბიუჯეტი, რატომ გიწერიათ 6%, საბავშვო ბაღში ვართ და ვერ მივხვდებით, თუ ვერ წავიკითხავთ?“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ზე მეტია: ჯაფარიძის თქმით, სტატისტიკის დეპარტამენტს მსგავსი მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა შარშანდელთან შედარებით მაღალი მაჩვენებელი ბუნებრივი ტენდენციაა, რადგან წინა წლის იმავე პერიოდში ეკონომიკის კატასტროფული ვარდნა იყო. „წლევანდელი ნოემბრის და დეკემბრის მაჩვენებლები იქნება ოდნავ მაღალი, რადგან დარდება შარშან იგივე პერიოდს და ბუნებრივია, რომ ეს იქნება 1%-ზე და 2%-ზე მაღალი. ამიტომ ვამბობთ, რომ წლის ბოლომდე გახვალთ 2.5%-ზე, თორემ ქვეყნის ეკონომიკა მაგ ნიშნულსაც ვერ მიაღწევდა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • ეფექტური შრომის ბაზარი უნდა შევქმნათ და ამის მაგალითია ცვლილებები შრომით კოდექსში: „თუ თქვენ ნახავთ Fitch-ის საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციის ერთ-ერთ ანგარიშს, იქ პირდაპირ წერია, რომ შრომით კოდექსში შეტანილმა თქვენმა ცვლილებებმა გამოიწვია სწორედ ეკონომიკის ვარდნა - ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ზოგადად შრომის ბაზრის შექმნა არის აბსურდი: შრომის ბაზარი არსებობს. არსებობდა მანამ, სანამ ნაციონალური მოძრაობა მოვიდოდა ხელისუფლებაში და იარსებებს თქვენ რომ წახვათ ხელისუფლებიდან, მას შემდეგაც“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • უნდა მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გავაუმჯობესოთ ჯინის კოეფიციენტი: „ჯინის კოეფიციენტში, მაგალითად, ბრიტანეთს და ამერიკას უსწრებენ ბელარუსი და სომხეთი - ჩვენი მაგალითი ვინ უნდა იყოს? სომხეთი და ბელარუსი თუ ამერიკა და ბრიტანეთი?“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • პრობლემაა, რომ რუსულ კომპანიებზე მოხდა აქტივების გაყიდვა: ჯაფარიძე დაინტერესდა, რომელიმე რუსულმა კომპანიამ, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა, თუ შექმნა რამე პრობლემა. „ამას რომ აცხადებს იმ პოლიტიკური გუნდის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, რომელიც მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ურთიერთობა უნდა დაალაგოს რუსეთთან - ეს აბსურდი და ურთიერთგამომრიცხავი არ არის? პირიქით, მე გისურვებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი კომპანია შემოიყვანოთ, თუნდაც რუსული იყოს - თუ ეს რუსული კომპანიები ითამაშებენ ქართული ბაზრის წესებით საქართველოში დადგენილი კანონმდებლობით, არანაირი პრობლემა ამაში არ არის - რაც მეტ ფულს შემოიტანენ, რაც მეტ ხალხს დაასაქმებენ, ეს მით უფრო კარგია, ამას უნდა მიესალმოთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • ელიტური კორუფცია დავამარცხეთ, თუმცა ვიღაცებმა მილიარდები გაიტანეს: ჯაფარიძის თქმით, როცა საუბარია ისეთ კორუფციაზე, როდესაც ვიღაც ფულს იპარავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ბრუნვიდან დიდი ნაკადების ამოღება ხდება. „ან გადასახადების გადახდა არ ხდებოდა, ან გადახდილ გადასახადებს მერე ბიუჯეტიდან ვიღაც იპარავდა, სადღაც მიჰქონდა. თუ ეს ასე ხდებოდა და ახლა აღარ ხდება, ეხლა ბიუჯეტი ხომ უნდა პირიქით ივსებოდეს, უფრო მეტი არ უნდა იყოს, ვიდრე შარშან იყო? ახლა ბიუჯეტში გაქვთ მილიარდიანი გარღვევა და მოდიხართ და გვიყვებით რაღაც ზღაპრებს, რომ ელიტური კორუფცია აღმოფხვერით: სად წავიდა ეს ფული - სად მიდის ახლა ის ფული, რომელიც ადრე იპარებოდა?“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • მაკროეკონომიკური კუთხით არანაირი საფრთხე არ არსებობს: ჯაფარიძის თქმით, თუ ასეთი საფრთხეები არ არსებობს და თუ მთავრობის მიზანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა არ არის, მაშინ გაუგებარია, საერთოდ რატომ წერია ეს პუნქტი სამთავრობო პროგრამაში. „არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, მათ შორის, ყველაზე სტაბილური მაკროეკონომიკითაც კი, რომ რაღაც საფრთხეები არ გააჩნდეს. როცა პრემიერობის კანდიდატი გამოდის და ამბობს, რომ არანაირი საფრთხეები არ გვაქვსო, ეს არასერიოზულია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • თანადაფინანსების ფონდი არის კერძო ფონდი და ამას მთავრობასთან კავშირი არ აქვს: ჯაფარიძის თქმით, ის ეკონომიკის მინისტრისგან ასეთ პასუხს მიესალმება, თუმცა მისთვის გაუგებარია, მაშინ რატომ ამაყობდა ხელისუფლება ამ ფონდით წინასაარჩევნოდ. „რატომ გამოუჭედეთ მოსახლეობას იმაზე საუბრით ყურები, რომ რაღაც ფონდი შევქმენით, 10 მილიარდი ჩაიდო უკვე და საქართველოს ეკონომიკა აყვავდებაო. აღმოჩნდა, რომ ეს არის ის ზღაპარი, რაზეც მე ადრე ვსაუბრობდი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
  • კოაბიტაციის რეჟიმში არცერთ ქვეყანაში არ გაზრდილა ეკონომიკა: ჯაფარიძის თქმით, პრემიერობის კანდიდატმა უნდა გადახედოს ამერიკის ისტორიას, სადაც უამრავი მაგალითი ყოფილა იმისა, რომ პრეზიდენტი მიეკუთვნებოდა ერთ პოლიტიკურ გუნდს, ხოლო კონგრესი - მეორეს და ამ დროს, ამერიკის ეკონომიკა საკმაოდ კარგად იზრდებოდა. „ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც საქართველოს ტერიტორიები პრაქტიკულად დაკარგული იყო. ჩვენ გადავიტანეთ 2006 წლიდან რუსეთისგან ემბარგო. ჩვენ გადავიტანეთ ომი 2008 წელს, რუსეთის მხრიდან აგრესია. ჩვენ გადავიტანეთ 2007 წლიდან დაწყებული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი. ჩვენ გადავიტანეთ გამოსვლები - მრავალათასიანი გამოსვლები პრაქტიკულად ყოველ წელს რუსთაველზე. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, შევძელით, რომ ეკონომიკა გაზრდილიყო საშუალოდ 6-7%-ით. ეხლა თქვენ გვეუბნებით, რომ თქვენ გაქვთ პრობლემები არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გამო ეკონომიკურ ზრდასთან?“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს ვერ დაუჭერს, რადგან:

  • სამჯერ არის შემცირებული საქართველოს ეკონომიკა
  • დაახლოებით ერთ მილიარდამდე არის გარღვეული ბიუჯეტი
  • მომავალ წელს ხელისუფლება იღებს 1.1 მილიარდზე მეტ ვალს, რაც მომავალმა თაობებმა უნდა დაფარონ
  • იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი

„ჩამოითვალა - თოხები დავარიგეთ, წიგნები დავარიგეთ - კი, ეს ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის წარმატება. ეს იქნებოდა წარმატება იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე გაკეთდებოდა. თქვენ კი მომავალ წელს გიწევთ 400 მილიონი შიდა ვალის აღება იმიტომ, რომ 350 მილიონი, რომელიც გჭირდებათ ჯანდაცვის დასაფინანსებლად, პენსიების დასაფინანსებლად, უბრალოდ არ გაქვთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, უმცირესობამ პრემიერმინისტრისგან ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. „5 თუ 6 შეკითხვა, რომლებიც უმცირესობამ დასვა, არ ეხებოდა არც წარსულს, არც ხელისუფლების დღევანდელ შეცდომებს, არამედ - მხოლოდ მომავალს. თქვენი პროგრამიდან იყო ამოღებული ციტატები და გეკითხებოდით უბრალოდ, ეს რას ნიშნავს. მე საერთოდ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრომპტერზე კი წაიკითხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ეს პროგრამა, მაგრამ შინაარსი რა იყო, მე მგონი, საერთოდ არ ესმის“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, ხელისუფლებაში მცირე პროგრესი მაინც შეინიშნება, რადგან ის აღიარებს, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და ერთი წლის თავზე იმასაც ამბობს, რომ ბიუჯეტში გარღვევაა.

კომენტარები