ნეპოტიზმი

თინა ხიდაშელი: ნათესაობა არ არის დანაშაული

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ნათესაობა დანაშაული არ არის. ამის შესახებ ხიდაშელმა მაესტროს ეთერში, ტოკშოუ არგუმენტებში განაცხადა. წამყვანმა მას ნეპოტიზმზე ჰკითხა - რამდენად ამართლებს შს მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას, რომ თუ მისი ნათესავები პროფესიონალები  გამოდგებიან, სამინისტროში დაასაქმებს.

"ნათესაობა დანაშაული არ არის. ის, რაც კანონმდებლობით აკრძალულია მთელი მსოფლიოში არის ის, რომ მაგალითად, თქვენი მეუღლე ან სხვა რომელიმე ოჯახის წევრი არ უნდა იყოს თქვენი მოადგილე ან რამენაირად დაქვემდებარებული. საერთოდ, უმჯობესია, რომ ასეთი ახლო ნათესავი არ იყოს ანგარიშვალდებული. მაგრამ ის ფაქტები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, აბსოლუტურად სასაცილოა. მაგალითად, მათ ბრალდებებში ვკითხულობთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შვილი არის ენერგეტიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გაიარა აბსოლუტურად სრულყოფილი განათლება, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, ვერასოდეს ვერაფერს ვერ უნდა ეღირსოს ჩვენს ქვეყანაში. ანუ უნდა დარჩენილიყო გერმანიაში და არასოდეს არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში იმიტომ, რომ დედამისი დღეს მინისტრია და კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება მაღალი თანამდებობის პირი" - განაცხადა ხიდაშელმა. მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებებში მხოლოდ ის არ წერია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე არის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ცოლის და და ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე არის პარლამენტის წევრი. 

კომენტარები