გამოცდები

გამოცდების ფრონტზე კვლავაც სიმშვიდეა

უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები წელს რამდენიმე აშკარა უთანხმოების თემა გახდა. როგორც ხშირად, ტაქტიკურ მანევრებს საჯარო სივრცეში უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე კონფლიქტის საფუძვლებს. თუ გავაცნობიერებთ, რომ დაპირისპირების სათავე უმაღლესებში მისაღები სისტემის გაუმართაობაშია და არა იმდენად კონკრეტული გავლენიანი პირების ქცევებში, გაუმჯობესების გზების პოვნის ალბათობაც, სავარაუდოდ, გაიზრდება.

გამოცდების დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცედურების შეცვლა გადაწყვიტა. ქალბატონი თამარ სანიკიძე სტუდენტებს, რომლებმაც მინიმალური საგამოცდო ზღვარი გადალახეს, მაგრამ სასურველ ადგილებზე ვერ ჩაირიცხნენ, უმაღლესებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის ხელახლა გამოცხადებას დაჰპირდა. ამგვარი ე.წ. მეორადი ჩარიცხვები ადრე სისტემის ჩვეულებრივი ნაწილი იყო. წელს კი ეს ეტაპი გაუქმდა.

მეორადი ჩარიცხვების გაუქმება გამოცდების ჩატარებიდან შედეგების გამოცხადებამდე დასახარჯი დროის შესამცირებლად გადაწყდა. ეს უნივერსიტეტებს, აბიტურიენტებსა და მათ დამფინანსებელ სახელმწიფო ორგანოებს საორგანიზაციო საკითხების სწრაფად მოგვარების საშუალებას მისცემდა. აბიტურიენტებს მათთვის სასურველი 20 პროგრამის ერთბაშად დასახელების უფლება მისცეს, წინა წლებში პირველ ეტაპზე 7-ის და მეორეზე 11-ის არჩევის შესაძლებლობის ნაცვლად.

როგორც მოსალოდნელი იყო, მსურველთა ნაწილი ვერცერთ არჩეულ სპეციალობაზე ვერ მოხვდა. უკმაყოფილო აბიტურიენტებმა, რომელთა შორისაც, როგორც თავად სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, მაღალქულიანებიც იყვნენ, მინისტრი თამაშის წესების თამაშის დასრულების შემდეგ შეცვლის სამართლიანობაში დაარწმუნეს. ამ პოზიციას სავსებით მართებულად არ დაეთანხმა გამოცდების ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მაია მიმინოშვილი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მან ამავე ეპიზოდში სრულიად გაუმართლებლად განაცხადა უარი სახელმწიფო შეკვეთის შესრულებაზე. მინისტრმა კი ეს გამოწვევა გარეგნულად მშვიდად მიიღო და თქვა, რომ გადაწყვეტილების განსახორციელებლად სხვა გზას იპოვიდა.

შესაძლოა, მინისტრის გამბედაობით მოხიბლულმა, ან კიდევ რაიმე სხვა წარმოდგენების საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვანო კიღურაძემაც გადაწყვიტა, გამოცდების პროცედურების საკითხებში ჩარეულიყო. მან მინისტრს იმ აბიტურიენტების უმაღლესებში ჩარიცხვა სთხოვა, რომლებმაც საგამოცდო მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, მაგრამ, გარკვეული აზრით, განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდნენ. ამ შემთხვევაში პროცედურების ცვლილებაზე უარი მინისტრმა განაცხადა.

საპასუხოდ, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა გაჩნდა, რომელიც გამოცდების პროცედურებში სწორედ განსაკუთრებული ნიჭის მქონე აბიტურიენტებისთვის სპეციალური დაშვებების შემოღებას ითვალისწინებდა.

აღწერილმა კონფლიქტმა მისაღები გამოცდების სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოაჩინა. ამჯერად მხოლოდ ორზე გავამახვილებ ყურადღებას.

პირველი – ნიშანდობლივია, რომ საჯაროდ მიმდინარე დისკუსიაში არ ჩანს უმაღლესების რაიმე მკაფიო პოზიცია. არც ის ჩანს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები უნივერსიტეტებს აზრს ეკითხებოდნენ და ჟურნალისტებსაც, როგორც ჩანს, არ გახსენებიათ, რომ მისაღები გამოცდები სახელმწიფოსა და აბიტურიენტების გარდა უმაღლესების ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს. არც უმაღლესების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უაქტიურიათ ამ საკითხებზე საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოსახატავად.

უნივერსიტეტების ავტონომია უმაღლესების მიერ საკუთარი კონტინგენტის აქტიურად შერჩევის გარეშე წარმოუდგენელია. თუ უმაღლესს არ აქვს უფლება, რომ აიყვანოს ისეთი აბიტურიენტები, რომლებიც არა მხოლოდ კერძო, არამედ საერთო საუნივერსიტეტო მიზნებისა და ღირებულებების გამგრძელებლები იქნებიან, მაშინ უნივერსიტეტიც სახელმწიფო მანქანისა და ინდივიდუალური კლიენტების დაკვეთების საშემსრულებლო უსიცოცხლო აპარატს უფრო ემსგავსება, ვიდრე ცოდნის განვითარებისა და სოციალური ფუნქციების მატარებელ დინამიკურ სივრცეს.

მეორე – არსებული სისტემა არ არის დაცული მიკერძოებისგან. მართალია, თავად საგამოცდო პროცესის განმავლობაში ნეპოტიზმისა და კორუფციის პრაქტიკა დაბალია, მაგრამ ნათელია, რომ პროცედურების ხელაღებით ცვლილებებისგან სისტემა დაცული არ არის. რთულია რაციონალური მტკიცებულების მოძებნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ან საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ სისტემის ცვლილების მცდელობა ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარეობს და არა კონკრეტული პირების მფარველობით.

თუმცა, ზედაპირზე არსებული მიკერძოებულობის გარდა, უფრო ღრმა, სისტემური ხასიათის პრივილეგიებიც არსებობს, რომელთა ბუნებაც მარტივად დამზერადი არ არის. პრაგმატულ თუ სიმბოლურ არგუმენტებზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესებში მიღების მექანიზმები უპირატეს მდგომარეობაში აყენებს კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს.

პრაგმატული არგუმენტები ძირითადად შემდეგია: გამოცდების შინაარსი იმ უნარებს და ცოდნას მოიცავს, რაც საუნივერსიტეტო წარმატებისთვისაა აუცილებელი. ამიტომ სამართლიანია, რომ სწორედ ამ უნარებში გამოიცადონ აბიტურიენტები და ამ უნარების შეფასების ტესტებზე შეეჯიბრონ ერთმანეთს საუნივერსიტეტო ადგილის თუ სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებელ კონკურსებში. აქ არამხოლოდ ზოგადი უნარების ტესტები იგულისხმება.

ეს მოსაზრება სამწუხაროდ დაუსაბუთებელია. უნივერსიტეტში წარმატების მისაღწევად უნარების გაცილებით უფრო ფართო სპექტრია მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს გამოცდებზე მოწმდება. მეტიც, ეს უნარები სულაც არ არის წარმატების გადამწყვეტი წინაპირობა ყველა მიმართულებით. ამას სახელმწიფო ნაწილობრივ აღიარებს, როდესაც სახელოვნებო და სასპორტო მიმართულებებზე სტანდარტული ტესტების გარდა, უმაღლესებს სპეციალობაში ჩასაბარებელი გამოცდის ჩატარების უფლებასაც აძლევს.

სიმბოლური არგუმენტები კი ხშირად პატრიოტულ მსჯელობას ეფუძნება: გამოცდების შინაარსი და ფორმა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამ გამოცდის გარეშე საქართველოს ეკონომიკას ან ქართულ კულტურას საფრთხე ემუქრება.

აქაც მცდარ წარმოდგენებს ვხვდებით. კონკრეტული მაგალითი რომ განვიხილოთ: არამხოლოდ ქართული ენის ან ვერბალური უნარების გამოცდაზე მოთხოვნილი სტანდარტიზებული ენაა არათანაბრად ხელმისაწვდომი ყველა კონკურსანტისთვის. ამგვარი ენის ყოველდღიურობაში გამოყენება საშუალო ფენის, უფრო მეტად ინტელექტუალური სამუშაოთი დაკავებული მშობლების ოჯახებისთვის არის დამახასიათებელი. ამავდროულად, ეს ენა უფრო ახლოა ქართლური დიალექტით მოლაპარაკეთათვის. მათ, ვისთვისაც სტანდარტული ენა არა იმდენად ორგანული, არამედ სკოლაში შესწავლის საგანია, მეტი ძალისხმევა სჭირდებათ ამ ენის საფუძველზე შემუშავებულ კონკურსებში მონაწილეობისას.

სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი) ჩატარებული კვლევების შედეგად ჩამოყალიბებული სოციალური რეპროდუქციის თეორიები ნათლად ხსნის იმას, თუ როგორ აყენებს ჩვენის მსგავსი სისტემა, კონკრეტული საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლებს უპირატეს მდგომარეობაში. ამავე კვლევებით შესანიშნავად ჩანს, თუ როგორ ხდება განათლების სფეროს შესახებ წარმოდგენების იმგვარად კონსტრუირება, თითქოს სისტემის მოწყობის გზების სხვა შესაძლებლობები არ არსებობდეს. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში ხომ ცხადია, რომ მისაღები კრიტერიუმების და კონკურსის ფორმების მრავალფეროვნების არსებობის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა, რომ სოციალური ბარიერების კომპენსირების გზებიც მრავალფეროვანი ყოფილიყო.

სპეციფიკური კულტურული ნორმების, როგორც სოციალური წარმატების აუცილებელი წინაპირობის, ხელოვნურად დაწესება მოზარდებს უკვე თინეიჯერობის ასაკიდანვე იმ წინააღმდეგობებთან აზიარებს, რომელთა გადალახვა საკუთარი იდენტობის შეცვლასთან გაიგივდება. ზოგიერთი კვლევა ნათლად აღწერს, თუ როგორ რეაგირებენ ახალგაზრდები ოფიციალური დომინანტური კულტურის წინააღმდეგ. ხშირად ისინი აცდენენ სკოლას, იყენებენ არანორმატიულ და მარგინალური ჯგუფებისთვის დამახასიათებელ ლექსიკას, ემიჯნებიან „ბეჯით" და „ხუთოსან" ბავშვებს და სხვა. ამ და კიდევ მრავალი სხვა ხერხით მოზარდები იმცირებენ ცხოვრებისეული წარმატების შანსებს, რომლებიც დომინანტური ჯგუფების დაწესებული სტანდარტების დაცვას ემყარება.

ისევე, როგორც საქართველოში, განათლების სისტემაში ჩაშენებულ სოციალურ ბარიერებს მხოლოდ ზედაპირული შეფასებით რაციონალური, ან ისეთი მორალური არგუმენტებით ამართლებენ, როგორიც ენის „სიწმინდის დაცვაა". შედეგი კი ყველგან პრობლემურია: ფიზიკურ შრომაში ჩართული მშობლების, ან პერიფერიაზე მცხოვრებთა შვილებს უფრო ნაკლები შანსები აქვთ უმაღლესი განათლების მიღებისთვის, ვიდრე მომსახურების სფეროსა თუ ინტელექტუალურ სფეროში მომუშავეებისას. წარმატების ალბათობის შემცირებას თავად განათლების სისტემა უწყობს ხელს. თანამედროვე უნივერსიტეტი კი სოციალური მობილობის ინსტრუმენტის მნიშვნელოვან ფუნქციას კარგავს.

საქართველოშიც დადასტურებულია, რომ თბილისელი აბიტურიენტები სხვა რეგიონების აბიტურიენტებთან შედარებით მაღალი ალბათობით ხვდებიან უმაღლესებში, განსაკუთრებით – პოპულარულ სპეციალობებზე. ეს კი არა მხოლოდ ეკონომიკურ რესურსებს, არამედ სოციალური მობილობისთვის საჭირო კულტურულ კაპიტალსაც უნდა უკავშირდებოდეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქცევებთან ერთად, ენაც არის.

გადაწყვეტილებების მიმღებებს შორის კონფლიქტი სატელევიზიო სერიალების პერსონაჟების პრობლემებზე არანაკლებ საინტერესოდ შეიძლება მოგვეჩვენოს. თუმცა სასურველია, არ გამოგვრჩეს სისტემის ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორებაც გაცილებით უფრო სერიოზულ დისკუსიებს საჭიროებს, ვიდრე გამოცდების რაოდენობის, მინიმალური ქულების და კონკრეტული აბიტურიენტების პრობლემების განხილვაა. მნიშვნელოვანი ძვრების ინიცირებისთვის აუცილებელია არსებული ვითარების არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ კონცეპტუალურ დონეზე კრიტიკულად შეფასება. დასაწყისისთვის შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვებს: რას ნიშნავს დღევანდელ უმაღლესში მისაღები სისტემა უნივერსიტეტის იდეისთვის? როგორ გავლენას ახდენს ეს სისტემა კონკრეტული ინდივიდის, სოციალური ჯგუფის თუ საზოგადოების საერთო წარმატებაზე?

კომენტარები