გამოცდები

სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას აბარებენ

ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩატარდა. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:30 საათზე, ხოლო გამოცდა - 09:00 საათზე დაიწყო. ტესტირების ხანგრძლივობა 2 საათი იყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ტესტის დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატებმა გამოცდა კომპიუტერის საშუალებით ჩააბარეს. ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდაში მონაწილე პედაგოგებს ინგლისურ ენაზე კითხვა საშუალოზე დაბალ დონეზე (pre-intermediate level) მოეთხოვებათ, რომელიც ევროსაბჭოს მიერ დადგენილი უცხოური ენების ცოდნის A2 + დონეს და კემბრიჯის უნივერსიტეტის KET (Key English Test) გამოცდის დონეს შეესაბამება.

გამოცდის მიზანია შემოწმდეს, შეუძლია თუ არა პედაგოგს პროფესიული განვითარებისა თუ სწავლების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, შეუძლია თუ არა ამ ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტის გამოყენება და ფლობს თუ არა კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. ტესტის მაქსიმალური ქულა 28, ხოლო გამსვლელი 20 ან მეტი ქულაა (70%).

განათლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგები აბარებენ. გამოცდა წელს მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა.

 

კომენტარები