გამოცდები

ბახტაძე: გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებსაც მოეხსნათ

მამუკა ბახტაძე

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, წელს საატესტაო გამოცდებს არც მე-12 კლასელები ჩააბარებენ. 

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე თქვა. 

"განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი 2019 წელს და მომდევნო წლებში. განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ცვლილებები სკოლის საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. რა არის ამ რეფორმის მთავარი ფოკუსი - ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში - ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მზიანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ.

ამასთან, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით 2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა, ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორ მე-11 კლასელებს, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს", - თქვა მამუკა ბახტაძემ. 

პრემერმინისტრისვე თქმით, წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი ამოქმედდება 2020 წლიდან.

ინფორმაცია, რომ წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს არ ჩააბარებდნენ, 28 იანვარს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გაავრცელა. მაშინ მან თქვა, რომ დარჩენილ გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები წელს მაინც ჩააბარებდნენ. 

თუმცა, რამდენიმე დღეში მე-12 კლასელებმა საპროტესტო აქციები გამართეს და გამოცდების მათთვისაც გაუქმება მოითხოვეს. 

განათლების სამინისტრო ასევე გეგმავს, 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების სიიდან ზოგადი უნარები ამოიღოს. 

კომენტარები