საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: პოსტსაბჭოთა ეპოქა დამთავრდა

პოსტსაბჭოთა ეპოქა დამთავრდა და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო შერატონში საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმას, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არ ყოფილა არავითარი ძალადობა, ის, რომ ჩვენ ევროპულად ჩავატარეთ არჩევნები და შეგვაფასეს არა როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა, არამედ როგორც ევროპელი ერი და ჩვენ ეს გამოცდა ყველამ ერთად ჩავაბარეთ ძალიან წარმატებულად და ამ გამოცდის ჩაბარების შედეგად რეალურად პოსტსაბჭოთა ეპოქა, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური კულტურა საქართველოში დამთავრდა და ევროპული ტიპის სახელმწიფოს გაძლიერება და მშენებლობა დაიწყო", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმთ, „საქართველოში არასდროს აღარ დაბრუნდება ის პოლიტიკური რეალობა, როცა ჩვენ ერთმანეთს არაცივილიზებული ფორმებით ვუპირისპირდებოდით. ეს კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენ მოვახდინეთ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს წინაშე არსებული ყველა პრობლემა გადავჭრათ თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით".

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე გამოწვევები დგას, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი ეკონომიკა და დასაქმებაა და ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ასევე მისი თქმით, „ჩვენ მოვახდინეთ აქცენტირება მთავარ ღირებულებებზე, რაც არის განათლება, რაც არის ჯანდაცვა, ამ მიმართულებით ძალიან ეფექტურად მუშაობს მთავრობა".

„ეს ყველაფერი წინაპირობაა იმის, რომ ყველაზე მტკივნეული პრობლემები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არა ძალით, არამედ სიყვარულით გაერთიანდეს, შემოუერთდეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ არაფრის ძალით აღარასდროს აღარ მივმართავთ იმას, რასაც ჰქვია ომი, რასაც ჰქვია იარაღი, რადგან ბევრად უფრო სერიოზული არგუმენტები გვეჭირება ხელში – ეს იქნება ლაღი, თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, ეს იქნება საქართველო, სადაც ყველას ინტერესები არის დაცული, სადაც არც ერთ ეთნოსს არ ექნება პრობლემა. ამ არგუმენტით დაველაპარაკებით ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ახალი პოლიტიკის განხორციელება იწყება, რომელიც "თანხმობის საზოგადოების" შექმნას ივალისწინმებს. "ჩვენ ვიწყებთ ერთმანეთისთვის მიტევებას და გაძლიერებას იმისას, რასაც ჰქვია ევროპული, გამარჯვებული საქართველო", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოსო პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მალე აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის რეალური პროცესი დაიწყება. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბძინა ივანიშვილს, რომელმაც მის თქმით, „ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კულტურაში რაციონალიზმი შემოიტანა. „ თუ აქამდე ჩვენთან მხოლოდ ემოციურობა ფასობდა, ახლა საქართველო რაციონალური ქვეყანაა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საზეიმო მიღებამდე რუსთაველის თეატრში პრეზიდენტის ინაუგურუცასიისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელზეც ანსამბლმა ერისიონმა სტუმრებს ერთსაათიანი საკონცერტო პროგრამა წარუდგინა.

კომენტარები