რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ბოკერია: საკვანძო საკითხების არმონიშვნა ჩვენს ეროვნულ ინტერესს ეწინააღმდეგება

Giga Bokeria
Tabula

არსებობს რაღაც სტანდარტები ქვეყნისთვის ღირსების, რომელსაც აქვს მნიშვნელობა. ასე გამოეხმაურა გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ხელისუფლების მიდგომას სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობით საქართველოსთვის პოლიტიკური დივიდენდების მიღების წინაპირობა არ არსებობს. მისივე თქმით, გაუგებარია, ოლიმპიადის კიდევ რამდენად პოლიტიზებას ელოდება ხელისუფლება. "იმ პირობებში, რომელშიც არის საქართველო - ოკუპაცია და უახლეს თვეებში ამ საოკუპაციო ხაზის კიდევ უფრო გადმოწევის წარმატებული მცდელობა - სამწუხაროდ, წარმატებული გარკვეული თვალსაზრისით, მეტი პოლიტიზება რა უნდა იყოს: მეჩირაღდნე სპეციალურად მიიყვანეს კაცი, რომელიც ბომბავდა ჩვენ ხალხს, სოფლებს, სახლებს წვავდა", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, ის, რომ ოკუპაციის ხაზის გადმოწევა შეჩერდა, სწორედ იმის შედეგია, რომ "თავდაპირველი წაყრუების და აბსოლუტური უპასუხიმგებლო განცხადებების მერე, მათ შორის, შიდა პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის შედეგად, ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაედგა". ბოკერიას შეფასებით, ზუსტად ის მოხდა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული ოცნების წინასაარჩევნო სლოგანს, რომ საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის: "ის ფუნდამენტი და ის პოზიციები, რასაც საფუძველი ჩაეყარა მთელი ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე, ამან მოგვცა მწვავე რეაქცია და ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი. ზუსტად დაპირისპირების საგნად რომ იქცა, საზღვრის გადმოწევაც ამიტომ გაჩერდა".

ბოკერიას თქმით, მისთვის სრულიად გასაგებია, როცა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, რომელიმე დიდ რუსულ არხს აძლევს ინტერვიუს და ამ ინტერვიუში ძალიან მწვავე არ არის. "ამის გაგება აბსოლუტურად შემიძლია და იმის მცდელობა, რომ დაიწყოს დისკუსია, რომელმაც შეიძლება შედეგი მოიტანოს, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მცდელობა და ეს ჩვენ საჯაროდ ვთქვით, როდესაც ბატონი აბაშიძე დანიშნეს", - აღნიშნა ბოკერიამ. თუმცა, მისი აზრით, "შინაარსი და არმონიშვნა საკვანძო საკითხების არის არა მარტო უპრინციპობა, არამედ, პრაგმატულად, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება". მისივე თქმით, დღეს მოტყუება, რომ ასეთი საკითხები არ არსებობს, ხვალ ამ საკითხების მოგვარებას შეუშლის ხელს. "მიზანი უნდა იყოს არტიკულირება მკაფიოდ, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი - ამის არტიკულირება ჩვენს პარტნიორებთან და მოთხოვნა მათგან, ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ გვერდში გვედგნენ, და ისინი გვიდგანან გვერდში, მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ, როგორც გარანტირებული რაღაც - ეს ყოველდღიური მუშაობის შედეგია, იმიტომ რომ ასეთია მსოფლიო პოლიტიკა. ეს ჩვენ პრემიერმინისტრს ჰგონია, რომ ერთ დედაქალაქში რომ რამეს იტყვის, მეორეში არ ესმით", - აღნიშნა ბოკერიამ.

მან კარასინის ნათქვამიც გაიხსენა - ბატონი მარგველაშვილის აზრები ჩვენს აზრებს ემთხვევაო. "მაგრამ საქართველო თავისუფალი ქვეყანა უნდა იყოს, უნდა შეეგუონ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ის ალიანსი, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ, რომ არ უნდა ერეოდნენ ჩვენს საშინაო საქმეებში, რომ უნდა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები - იმისთვის, რომ საერთოდ აზრი ჰქონდეს პრაგმატულ საუბარს. ამ ყველაფერში არათუ ცვლილება არ გვაქვს, გვაქვს აშკარა ნიშნები, რომ სურთ კაპიტალიზება ახალ მიდგომაზე. ეს არის პრობლემა", - აღნიშნა ბოკერიამ.

ამის ერთ-ერთ მაგალითად მან მომავალი პრეზიდენტის რუსეთის პატრიარქისადმი დამოკიდებულება მოიყვანა: "რევერანსები რუსული ეკლესიის მიმართ და ნუ, როგორი ბედნიერია მომავალი პრეზიდენტი, რომ პატრიაქრმა მიულოცა, ამას მე დავაბრალებდი ჩვენს უმეცრებას პოლიტიკურს, რომელიც არსებობს რელიგიის მიმართ, მაგრამ რუსული ეკლესია და პატრიარქი და საპატრიარქო - ეს არის ყველასთვის ცნობილი - ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული იარაღი ჩვენი ნაციონალური ინტერესების და ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ".

ბოკერიას თქმით, რუსეთის მთავრობა და ეკლესია შერწყმულები არიან და საბჭოთა ჰიმნის აღდგენასაც კი დაუჭირეს მხარი. მისი შეფასებით, მოსკოვიდან მოდის იდეოლოგია, რომელიც პროევროპულ იდეას ეწინააღმდეგება: "რას გვეუბნებიან: რომ ევროპა ეს არის უარყოფა ჩვენი ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ოჯახის, უმცირესობებს თავზე გვასვამენ - ამას ვხედავთ საქართველოშიც, მოლდოვაშიც, უკრაინაშიც, იმიტომ რომ სხვა იდეებს ვერ უპირისპირებენ და ეს შუასაუკუნეობრივი შავრაზმული იდეები ნახეს როგორც მათი იდეოლოგიური კვანძი. რა თქმა უნდა, ამას მოვერეოდით, მაგრამ ეს პაკეტშია სამხედრო აგრესიასთან, ეკონომიკურ ზეწოლასთან, რასაც უკრაინაში და მოლდოვაში ვხედავთ, მაგრამ გამართლება ამას ის აქვს, რომ ჩვენ თანამორწმუნეები ვართ, ევროპაში კი არის გახრწნა, უზნეობა და ა.შ.".

ბოკერიას თქმით, რუსული ეკლესია თავისი პროპაგანდის გასატარებლად ერთმორწმუნეობას იყენებს იმისთვის, რომ აპელირება მოახდინოს ქართულ ეკლესიაზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია. "ჩვენი მომავალი პრეზიდენტის მხრიდან, ასეთი კურთხევის მიღება, ლეგიტიმაციის მიცემა ამ იარაღისთვის - ესეც არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო, იმიტომ რომ სწორედ ამ იარაღებით გვებრძვის ჩვენ დღეს მტერი". ბოკერიასთვის გაუგებარია, რატომ უნდა აძლევდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ლეგიტიმაციას "ამ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო, პროპაგანდისტურ ინსტრუმენტს, რასაც ჰქვია რუსეთის ეკლესია და საპატრიო".

ბოკერია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერც რუსეთთან სააკაშვილის ლანძღვით მიიღებს პოლიტიკურ დივიდენდებს: "ეს არის ძალიან ცუდი ტონი და პრაგმატულად აბსოლუტურად არაფრის მომტანი".

ბოკერია პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთში ზურაბ აბაშიძესაც გამოეხმაურა: "მოვისმინე მოსაზრება, რომ თურმე 1993-2003 წლამდე რუსეთთან ურთიერთობა უმჯობესდებოდა: ორი ტერაქტი იყო, ერთი განსაკუთრებით - პირდაპირ რუსეთის რეზიდენციიდან მოწყობილი მაშინელი პრეზიდენტის მიმართ, ვისზეც ბატონი აბაშიძე მუშაობდა და ეს არის თურმე კარგი ურთიერთობა და გაუმჯობესება. საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო, სადაც თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდს 1995-დან 1998 წლამდე, როცა რუსეთი ძალიან დასუსტდა და შევარდნაძემ მოახერხა ამ მორევიდან ამოსვლა და გაფართხალება, რაც კარგი იყო ჩვენი ქვეყნისთვის - თუ ამას არ ჩავთვლით, რუსეთი აფათურებდა ხელს ყველაფერში: ბოლოს, ვარდების რევოლუციამდე, უშიშროების მინისტრს მისი სანქციის გარეშე ვერ ვნიშნავდით". მისი თქმით, რუსეთის სტატუსი, როგორც მშვიდობისმყოფელის, იყო საქართველოს დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, რომელიც მან ყოველგვარი პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე მიიღო. "როცა ჩვენ მოვძლიერდით და საქართველომ ფეხზე დადგომა დაიწყო, გადაწყვიტეს ამის გამოყენება და წარმატებას ვერ მიაღწიეს", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, რუსეთი ძალიან დასუსტდა 1993 წელს და მეორეჯერ კიდევ მიიღო დარტყმა 1998 წელს, დეფოლტის დროს. "ეს იყო პერიოდი, როცა ბევრმა ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ გააღწია ამ ყველაფრიდან. ჩვენ ვიყავით ცუდ ფორმაში და არასაკმარისად გამოვიყენეთ ეს პერიოდი და, სამწუხაროდ, რუსეთი 2000 წლის შემდეგ მოძლიერდა. ის ფანჯარა შესაძლებლობების არ გამოვიყენეთ, იმიტომ რომ გვყავდა დისფუნქციური, კორუმპირებული, აბსოლუტურად არაქმედითი ხელისუფლება. ის, რომ მოხერხდა ჩვენი მეგობრების დახმარებით სასაზღვრო ჯარების გაყვანა, ვაზიანის გაყვანა, ამას პლუსად ვუთვლი, მაგრამ ბევრის მიღწევა შეიძლებოდა მაშინ და მემკვიდრეობა და ნაღმები დარჩა", - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, "ეს ყველაფერი არის დინამიკაში: ის, რომ დღეს ნაკლებად ხდება ამ ყველაფრის ხსენება ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისგან, ეს არის სამწუხარო ფაქტი და ამ ფაქტებს ერთი ინტერვიუ კი ვერ გადაწყვეტს  - ამ ინტერვიუებისგან, ამ კომენტარებისგან შედგება ეს ქსოვილი, რასაც ჰქვია მუშაობა შენი ეროვნული ინტერესების დასაცავად".  მისივე თქმით, სწორედ საერთაშორისო მეგობრებთან განუწყვეტელი მუშაობის შედეგია, რომ საქართველომ, ტოტალური აგრესიის მიუხედავად, სახელმწიფოებრიობა მაინც შეინარჩუნა.

კომენტარები