ნიკა გვარამიას საქმე

სასამართლო გვარამიას საქმეზე: არ არსებობდა დამაჯერებელი მტკიცებულებები

ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურისა და მათთან ერთად ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის თაობაზე, საქალაქო სასამართლომ განცხადება გააკეთა. სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძის თქმით, საქმეზე ჩატარდა 26 სასამართლო სხდომა, მოწმის სახით დაიკითხა ბრალდების 44 მოწმე და 6 ბრალდებული. არეშიძე აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ.

"სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასების შედეგად ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. შესაბამისად, გაუქმდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდებათ გირაოს შემტან პირებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას ბრალად შერაცხულ ქმედებებში და გახდებოდა საფუძველი მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის", - განაცხადა ეკა არეშიძემ.

მისი ინფორმაციით, მხარეებს დასაბუთებული განაჩენი 14 დღის ვადაში გადაეცემათ, ხოლო განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკის, კახაბერ დამენიას, იზაბელა გუტიძის, გიორგი ნემსიწვერიძის და ძებნაში მყოფ აშოტ მანუკიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. მათ ბრალად ედებოდათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სამოხელეო, სამეწარმეო, ეკონომიკური დანაშაული, ასევე დანაშაულის ჩადენა მმართველობის წესის წინააღმდეგ და ფულად საკრედიტო სისტემაში. სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია მათ მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში. 

კომენტარები