ვილნიუსის სამიტი

მაია ფანჯიკიძე შტეფან ფულეს და ჰელგა შმიდს შეხვდა

ვილნიუსის სამიტამდე, საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წარმომადგენლებთან ბრიუსელში ბოლო შეხვედრებს მართავს. მაია ფანჯიკიძე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ჰელგა შმიდს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირებისა და 2014 წლის ბოლომდე მისი ხელმოწერისათვის მზადყოფნა. შეხვედრებზე სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასა და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. 

"ეს იყო ბოლო შეხვედრები ვილნიუსამდე, რომელზეც კიდევ ერთხელ საბოლოოდ, შეუცვლელად და შეუქცევადად დადასტურდა, რომ ვილნიუსში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. გარდა ამისა, ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმის შემსწავლელი მისია იყო საქართველოში ჩამოსული და ძალიან დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა ბრიუსელში", - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ჩარჩოშეთანხმებას, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, ჩაერთოს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის მისიებში. 

"ევროკავშირის მხარე კიდევ ერთხელ მიესალმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებას, ასევე დადებითად შეაფასა ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში შემდგომი წინსვლის შენარჩუნების აუცილებლობას. შეხვედრებისას მნიშვნელოვანი ყურaდღება დაეთმო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და ამ მიმართულებით ევროკავშირის როლის გააქტიურების შესაძლებლობებს. აღნიშნული ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტამდე, როგორც კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართული მხარისათვის, წარმოეჩინა ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და დაედასტურებინა მზაობა სამიტისთვის დასახული მიზნების განხორციელებისთვის", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


.

 

კომენტარები