საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადვოკატ მამუკა ნოზაძეს, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 25 საჩივარი აქვს წარდგენილი, 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ აუკრძალა მოცემულ საჩივრებზე როგორც ადვოკატის ფუნქციის შესრულება, ისე ამ პირების დახმარება წარმომადგენლობის გზით. სტრასბურგის სასამართლომ, აგრეთვე, დაადგინა, რომ მისი გადაწყვეტილება აკრძალვის შესახებ არა მხოლოდ მოცემულ 25 მიმდინარე საჩივარს ეხება, არამედ - ნებისმიერ მომავალ საჩივარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამუკა ნოზაძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვერც მიმდინარე პროცესებს გააგრძელებს და ვერც მომავალში შეიტანს საჩივრებს.
სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება თავისი რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-4 (ბ) პუნქტის საფუძველზე მიიღო. ის ამ ზომას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავს, როცა მომჩივნის ინტერესების დაცვა სათანადოდ აღარ ხდება შესაბამისი ადვოკატის მიერ.
მიმდინარე 25 საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ქართველ მომჩივნებს სხვა წარმომადგენლის დასახელება სთხოვა.
აღნიშნულის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენელს, ოფიციალურად აცნობა.
ტაბულა შეეცადა ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან დაკავშირებას და ფაქტთან დაკავშირებით მისი განმარტების მოსმენას, თუმცა, როგორც მან განგვიცხადა, ის ახლა სასამართლო პროცესზე იმყოფება. ტაბულა მის განმარტებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მამუკა ნოზაძე საქართველოში ადვოკატად არაერთ გახმაურებულ საქმეზე მუშაობდა, მათ შორის არის გურამ შარაძის მკვლელობის საქმე. სწორედ ის იყო შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელის ადვოკატი. ნოზაძე ასევე იყო განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გაზეთ კახეთის ხმის ყოფილი ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაიშვილის ადვოკატი, რომელიც შემდეგ ბრალდებულმა აიცილა.
სტრასბურგის სასამართლომ 2012 წელს 3 ქართველი იურისტი - ლია მუხაშავრია, ვახტანგ ვახტანგაძე და ელოსპ ბუთხუზი გააფრთხილა გამოვლენილი უპასუხისმგებლობის გამო, თუმცა, მამუკა ნოზაძის მსგავსად, მათთვის არ აუკრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოღვაწეობა.





