ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაიას პროცესი სააპელაციო სასამართლოში 14 ნოემბერს გაგრძელდება

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და სხვა პირთა დასკვნითი სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 14 ნოემბერს გაგრძელდება. ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვის ნაწილი - სენაკის ეპიზოდი - წაიკითხა. შემდგომ პროცესებზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარეც წაიკითხავს. ბაჩო ახალაიას ადვოკატის რომეო საჯაიას თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბრალდება არის ცრუ.

"კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან ტყუილები როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე დღესაც. ჩვენ ვიცით როგორც დამთავრდა ეს ტყუილები კბილაშვილისთვის და იგივენაირად დამთავრდება იმ პროკურორებისთვის, რომლებიც დღეს აქ იყვნენ. თუ ასე გააგრძელეს, ჩვენ დავამტკიცებთ კიდევ ერთხელ იმას, რომ ბაჩანა ახალაიას და სხვებს დანაშაული არ ჩაუდენიათ", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პირველ აგვისტოს გამოაცხადა.

ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 7 პირი, მათ შორის, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული შვიდი პირიც უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

კომენტარები