სახელმწიფო ბიუჯეტი

IDFI: 9 თვეში საპროცესო და სხვა სანქციებიდან ბიუჯეტში 54 722 173 ლარი შევიდა

2013 წლის 9 თვის განმავლობაში (1 იანვარი – 25 სექტემბერი) სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანი ოდენობა შეადგენს 54 722 173  ლარს. ინფორმაციას ამის შესახებ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აღსრულების ეროვნულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ინსტიტუტი თავის ვებგვერდზე აღნიშნავს, უშუალოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობის დადგენა 2013 წლისთვის ვერ ხერხდება, რადგან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიწოდებულ ოფიციალურ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწარმოებს განცალკევებით ამ მონაცემების აღრიცხვას.

IDFI-ი განმარტავს, რომ სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით 2013 წლის 5 მარტსაც მიმართა. მაშინ ბიურომ ინსტიტუტის მოთხოვნა სრულყოფილად დააკმაყოფილა და 2009-2012 წლებში ბიუჯეტში კონკრეტულად საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შესული თანხების ოდენობები მიაწოდა. ამ მონაცემების მიხედვით, 2009 წელს ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 8 040 392 ლარი; 2010 წელს - 42 361 459 ლარი, 2011 წელს - 51 009 723 ლარი, ხოლო 2012 წელს - 38 627 586 ლარი.

"საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულ თანხების შესახებ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ აღადგინოს აღნიშნული მონაცემების განცალკევებით აღრიცხვა, რათა საზოგადოების მხრიდან ეს ფაქტი აღქმული არ იქნას, როგორც მონაცემების დაფარვის მცდელობა და საბოლოოდ გადაიჭრას საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა", - აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში. 

კომენტარები