ვანო მერაბიშვილის საქმე

მოსამართლე: შესაძლოა, მერაბიშვილის პროცესები ქუთაისში ყოველდღე გაიმართოს

ვანო მერაბიშვილი
Reuters

დასაქმების საქმესთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, სასამართლო გამიზნულად აჭიანურებს პროცესს, რათა მერაბიშვილი პატიმრობაში დიდხანს დარჩეს. დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრო.

"გრძელდება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პროცესი. მოწმეების დაკითხვა არ არის სერიოზული, რადგან 3969 მოწმიდან, ჩვენ მხოლოდ 14 დავკითხეთ. ეს მოწმეები მერაბიშვილის ან ჭიაბერაშვილის ბრალეულობაზე არ საუბრობენ და მხოლოდ საქმის გაჭიანურებას ემსახურებება. იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს ამყოფონ ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში. დანაშაული სახეზე არ გვაქვს, ამაზე მტკიცებულებები არ საუბრობენ. და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გამამართლებელი განაჩენი დადგება", - აცხადებს მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე. 

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, მომავალი კვირიდან ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესები ქუთაისში ყოველდღე გაიმართოს. მოსამართლის ამ განცხადებას ვანო მერაბიშვილის პროტესტი მოჰყვა. ყოფილი პრემიერის თქმით, ის სასამართლო პროცესებზე დასწრებას ყოველდღიურად ვერ შეძლებს.

დღევანდელ სხდომაზე სულ ბრალდების ოთხი მოწმე დაიკითხა. მოწმეებს შეკითხვები ჯერ ბრალდების, შემდეგ კი, დაცვის მხარემ დაუსვა.

კომენტარები